ფეხბურთი

21:15 | 18.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მუნდიალის შესარჩევი ეტაპი: ბრძოლა 19 საგზურისთვის და მდგომარეობა ყველა კონფედერაციაში

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის დაწყებამდე ზუსტად წელიწადი დარჩა. 32 ნაკრებიდან უკვე ცნობილია 13, რომელიც პლანეტის ყველაზე პოპულარულ საფეხბურთო ტურნირში ითამაშებს, მაგრამ კიდევ 19 გუნდის ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.

უეფას ზონის შესახებ ასე თუ ისე, ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ არანაკლებ საინტერესოდ მიმდინარეობს შესარჩევი ეტაპი სხვა კონფედერაციებში და ვეცდებით, ყველა მათგანი მოკლედ მიმოვიხილოთ.

სამხრეთ ამერიკა

სამხრეთ ამერიკას მსოფლიოს ჩემპიონატზე 4.5 ქვოტა აქვს გამოყოფილი. შესარჩევ ციკლში ტრადიციულად 10 გუნდი ორ წრედ თამაშობს, საიდანაც საუკეთესო ოთხი მუნდიალზე გავა, მეხუთეადგილოსანი კი კონფედერაციის პლეი-ოფში იბრძოლებს საგზურისთვის.

კონმებოლში საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე ოთხი ტური რჩება და ორი საგზური უკვე გათამაშდა. ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება გაინაღდეს. მიზანთან ძალიან ახლოსაა ეკვადორის ნაკრები, რომელიც 6 ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს და სავარაუდოდ დარჩენილ ტურებში უპირატესობას არ გაანიავებს. სამაგიეროდ, მეოთხე ადგილისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული - კოლუმბია, პერუ, ჩილე, ურუგვაი, ბოლივია და პარაგვაი ყატარში წასვლის შანსს ინარჩუნებენ. ყველაზე მცირე შანსი მაინც პარაგვაის აქვს, რომელიც ახლა მეცხრე ადგილზეა.

აღსანიშნავია, რომ არგენტინას და ბრაზილიას თამაშით ნაკლები აქვთ ჩატარებული (ერთმანეთში უნდა ითამაშონ), მაგრამ ამის მიუხედავად, იმდენად დამაჯერებლად განვლეს გზა, რომ ისინი უკვე მუნდიალზე არიან.

1. ბრაზილია 13 11 2 0 27 4 23 35
2. არგენტინა 13 8 5 0 20 6 14 29
3. ეკვადორი 14 7 2 5 23 13 10 23
4. კოლუმბია 14 3 8 3 16 17 -1 17
5. პერუ 14 5 2 7 15 20 -5 17
6. ჩილე 14 4 4 6 15 16 -1 16
7. ურუგვაი 14 4 4 6 14 21 -7 16
8. ბოლივია 14 4 3 7 20 28 -8 15
9. პარაგვაი 14 2 7 5 9 18 -9 13
10. ვენესუელა 14 2 1 11 9 25 -16 7

აფრიკა

აფრიკისთვის ხუთი საგზურია განკუთვნილი, რომლის მფლობელებსაც პლეი-ოფი გამოავლენს. მანამდე კი, დასრულდა ჯგუფური საკვალიფიკაციო ეტაპი. რეგლამენტი თავიდანვე ცხადი იყო: 10 ოთხგუნდიანი ჯგუფი შეიქმნა და თითოეული ჯგუფის გამარჯვებული პლეი-ოფის საგზურს მოიპოვებდა (ჯამში 10 ნაკრები).

თითქმის ყველა ჯგუფში დაძაბული სიტუაცია იყო. ალჟირმა ბურკინა ფასოს, ნიგერისა და ჯიბუტის კონკურენცია დაძლია და პლეი-ოფშია. ტუნისმა გვინეას, ზამბიას და მავრიტანიას აჯობა, ნიგერიამ კაპე ვერდეს, ლიბერიასა და ცენტრალურ აფრიკას. ბედად, კამერუნისა და კოტ დივუარის ნაკრებები ერთ ჯგუფში მოხვდნენ. ბოლო ტურში კამერუნმა კოტ დივუარს 1:0 აჯობა და ჯგუფში იპირველა, გაასწრო რა კონკურენტს სწორედ ამ გამარჯვების ხარჯზე (2 ქულით). ამრიგად, კოტ დივუარი მუნდიალზე ვერ ითამაშებს. ჯგუფში ასევე იყვნენ მოზამბიკი და მალავი, თუმცა, აუტსაიდერთა რანგში.

მალის ნაკრებმა ძალიან დიდი უპირატესობით აჯობა უგანდას, კენიას და რუანდას, იგივე ითქმის ეგვიპტეზე, რომელმაც გაბონის, ლიბიასა და ანგოლას ბარიერი იოლად დაძლია. სამაგიეროდ, განამ სამხრეთ აფრიკას მხოლოდ და მხოლოდ უფრო მეტი გატანილი გოლით აჯობა (7 განას, 6 სამხრეთ აფრიკას). თორემ, გუნდებმა 13-13 ქულა დააგროვეს, ბურთების ბალანსიც ერთნაირი ჰქონდათ (+4) და ურთიერთშეხვედრებშიც ორივე გუნდმა შინ 1:0 მოიგო. ეთიოპიისა და ზიმბაბვეს ნაკრებები ამ ჯგუფში უშანსოდ იყვნენ.

სენეგალის ნაკრებმა ტოგოს, ნამიბიასა და კონგოს 8 ქულიანი უპირატესობით აჯობა, ხოლო მაროკომ ჯგუფში ექვსივე თამაში მოიგო და შესაბამისად, გვინეა-ბისაუს, გვინეასა და სუდანის ნაკრებებისთვის არანაირი შანსი არ მიუცია. ჯგუფიდან გავიდა კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ნაკრებიც, რომელმაც ბოლო ტურში 2:0 მოუგო კონკურენტ ბენინს და 1 ქულით გაასწრო. თუმცა, ექტორ რაულ კუპერმა 4 ცვლილება 4 სხვადასხვა დროს გამოიყენა ამ მატჩში, რითაც რეგლამენტი დაარღვია (მხოლოდ 3 პერიოდში შეიძლება 4 ან 5 ცვლილების გაკეთება), რის გამოც, შეიძლება დრ. კონგოს ტექნიკური წაგება ჩაუთვალონ. ყოველ შემთხვევაში ბენინელები ამას ითხოვენ. სანამ აფრიკის კონფედერაცია და ფიფა გადაწყვეტილებას მიიღებს, პლეი-ოფში გასული 10 გუნდის ჩამონათვალი ასეთია:

ალჟირი, ტუნისი, ნიგერია, კამერუნი, მალი, ეგვიპტე, განა, სენეგალი, მაროკო, დრ. კონგო - ხსენებული 10 ნაკრები პლეი-ოფში მარტში ითამაშებენ. შეიქმნება 5 წყვილი წილისყრის შედეგად და ორმატჩიან დუელებში წყვილის გამარჯვებული 5 ნაკრები მუნდიალზე ითამაშებს.

აზია

აზიისთვის ფიფას 4.5 ადგილი აქვს გამოყოფილი. 4 ნაკრები პირდაპირ გავა მუნდიალზე და 2 გუნდი ერთმანეთს ბოლო საგზურისთვის პლეი-ოფში შეხვდება. აზიაში საკვალიფიკაციო ეტაპი ორ ჯგუფურ ეტაპად იყო დაყოფილი.

მეორე, გადამწყვეტ ჯგუფურ ეტაპზე საინტერესო ვითარებაა. A ჯგუფში ირანი და სამხრეთ კორეა დიდ უპირატესობას ფლობენ და ფინიშამდე ოთხი ტურით ადრე, წესით საერთოდ არ გაუჭირდებათ ყატარის საგზურის მოპოვება. უფრო დაძაბული მდგომარეობაა B ჯგუფში, სადაც ყველაზე კარგად საუდის არაბეთი ასპარეზობს და კონკურენტ იაპონიასა და ავსტრალიას შესაბამისად, 4 და 5 ქულით უსწრებს. ამდენად, საუდელები ალბათ უპრობლემოდ გავლენ ჯგუფიდან, ხოლო იაპონიასა და ავსტრალიას მეორე ადგილისთვის მოუწევთ ბრძოლა. ვთქვათ ისიც, რომ ორივე ჯგუფის მესამეადგილოსნები ერთმანეთს ბოლო საგზურისთვის პლეი-ოფში შეხვდებიან. გავიხსენოთ, რომ მასპინძელ ყატარს აზიის ზონიდან მონაწილეობის უფლება ავტომატურად ერგო.

A ჯგუფი

1. ირანი 6 5 1 0 11 2 9 16
2. სამხრეთ კორეა 6 4 2 0 8 2 6 14
3. ემირატები 6 1 3 2 4 5 -1 6
4. ლიბანი 6 1 2 3 4 6 -2 5
5. ერაყი 6 0 4 2 3 9 -6 4
6. სირია 6 0 2 4 5 11 -6 2

B ჯგუფი

1. საუდის არაბეთი 6 5 1 0 9 3 6 16
2. იაპონია 6 4 0 2 5 3 2 12
3. ავსტრალია 6 3 2 1 9 4 5 11
4. ომანი 6 2 1 3 6 7 -1 7
5. ჩინეთი 6 1 2 3 7 11 -4 5
6. ვიეტნამი 6 0 0 6 4 12 -8 0

კონკაკაფი

როგორც აზიაში, ამ შემთხვევაშიც ორი საკვალიფიკაციო ეტაპი იყო. პირველის შემდეგ მეორეში 8 გუნდი მონაწილეობს, რომლებიც ორ წრედ, 14 ტურად ხვდებიან ერთმანეთს. ამ დროისთვის 8 ტური მიილია და კონტურები გამოიკვეთა, მაგრამ გადაწყვეტილი არაფერია.

8-გუნდიან საკვალიფიკაციო ტურნირს კანადა ლიდერობს, კვალში აშშ, მექსიკა და პანამა უდგანან. მათ შორის სხვაობა სულ რაღაც 2 ქულაა. მოსალოდნელია, რომ მუნდიალზე გამსვლელ 3 ადგილს ეს ნაკრებები გაითამაშებენ, ხოლო მეოთხე კონფედერაციის პლეი-ოფში გადაინაცვლებს და ბრძოლას იქ გააგრძელებს. აი, კოსტა რიკის, იამაიკის, სალვადორისა და ჰონდურასის ნაკრებები ლიდერთა ოთხეულს უკვე საგრძნობლად ჩამორჩებიან და ალბათ მუნდიალის საგზურისთვის ვეღარ იბრძოლებენ.

1. კანადა 8 4 4 0 13 5 8 16
2. აშშ 8 4 3 1 12 5 7 15
3. მექსიკა 8 4 2 2 11 7 4 14
4. პანამა 8 4 2 2 11 9 2 14
5. კოსტა რიკა 8 2 3 3 6 7 -1 9
6. იამაიკა 8 1 4 3 6 10 -4 7
7. სალვადორი 8 1 3 4 4 10 -6 6
8. ჰონდურასი 8 0 3 5 5 15 -10 3

რა არის კონფედერაციის პლეი-ოფი? მასში 4 ნაკრები ითამაშებს და მუნდიალის საგზურს ორი ნაკრები მოიპოვებს. აზიის პლეი-ოფში (ორი ჯგუფის მესამეადგილოსანში გამარჯვებული) საუკეთესო, კონკაკაფის ზონის მეოთხეადგილოსანი, კონმებოლის ზონის მეხუთეადგილოსანი და ოკეანის ზონის მეორე ეტაპის გამარჯვებული.

შეგახსენებთ, უეფას ზონაში საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფური ტურნირი დასრულდა და უკვე ცნობილია მუნდიალის 13 მონაწილე, საიდანაც 10 ევროპული ნაკრებია, ორი სამხრეთამერიკული და ერთიც მასპინძელი - ყატარი, ინგლისი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, დანია, სერბეთი, ხორვატია, გერმანია, ნიდერლანდები, არგენტინა და ბრაზილია.

მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატი 21 ნოემბერს დაიწყება და 18 დეკემბერს დასრულდება. მუნდიალზე კვლავ 32 გუნდი ითამაშებს, ბოლოჯერ, რადგან 2026 წლიდან მსოფლიოს ჩემპიონატის მონაწილეთა რაოდენობა 48 გუნდამდე გაიზრდება.

აქვე უეფას ზონის პლეი-ოფის შესახებ დეტალურად ინფორმაციას შეგიძლიათ აქ გაეცნოთ. შეგახსენებთ, ევროპის ზონიდან 12 ნაკრები აგრძელებს პლეი-ოფში ბრძოლას და დარჩენილი 3 საგზური გათამაშდება.

0.113982