სხვა

3:19 | 18.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

კანელო ალვარესი მომდევნო ბრძოლას კრეისერის წონაში გამართავს

კრივის მსოფლიო საბჭომ (WBC) დაადასტურა, რომ მექსიკელი სუპერ ვარსკვლავი კანელო ალვარესი, თავის მომდევნო ბრძოლას კრეისერის წონაში (91 კგ) გამართავს. მისი მეტოქე, WBC-ს ტიტულის მფლობელი, კონგოელი ილუნგა მაკაბუ იქნება. ეს მეხუთე წონითი კატეგორიაა, რომელშიც კანელო ჩემპიონის სარტყელისთვის იბრძოლებს.

ახლახანს ალვარესმა (57-1-2, 39 ნოკაუტი) ზესაშუალო წონაში (76 კგ), ამერიკელი ქალებ პლანტი დაამარცხა და ამ წონაში აბსოლუტური ჩემპიონი გახდა. თუ კრეისერის წონაშიც შეძლო ქამრის მოპოვება, ის გახდება მეექვსე მოკრივე, ვინც ხუთ წონაში შეძლებს ჩემპიონობას.

ამ დიდ ხუთეულში შედიან: ამერიკელი ფლოიდ მეივეზერი, ამერიკელი ოსკარ დე ლა ჰოია, ამერიკელი შუგარ რეი ლეონარდი, ამერიკელი თომას ჰერნსი და ფილიპინელი მანი პაკიაო. ქალთა შორის, ხუთი წონის ჩემპიონები არიან პუერტო რიკოელი ამანდა სერანა და იაპონელი ნაოკო ფუძიოკა.

ალვარესის და მაკაბუ ერთმანეთს მაისში ან ივნისში დაუპირისპირდებიან. სხვათა შორის, წლის ამ დროს, კანელო ბრძოლებს მართავს ხოლმე. ამ დროს, მექსიკის ეროვნული დღესასწაული, ჩინკო დე მაიო იმართება ხოლმე.

რაც შეეხება 34 წლის მაკაბუს, ამჟამად ის ერთადერთი აფრიკელი მსოფლიო ჩემპიონია. 2016 წელს მან პროფესიონალურ კრივში მეორე მარცხი იწვნია ბრიტანელი ტონი ბელიუსთან (ნოკაუტი მესამე რაუნდში), რის შემდეგაც, ზედიზედ ცხრა შეხვდრა მოიგო. მათ შორის, 2018 წელს ორი ქართველი, პაატა ადუაშვილი და გიორგი თევდორაშვილი დაამარცხა (ორივე ნოკაუტით). 2013 წელს მას კიდევ ერთი ქართველი, გოგიტა გორგილაძე ჰყავს დამარცხებული (ტექნიკური ნოკაუტით).

კანელომ 12 თვეში ზესაშუალო წონაში სამი ჩემპიონი დაამარცხა. ჯერ ბრიტანელ ქალუმ სმიტს მოუგო და WBA-ის და WBC-ს ტიტულებს დაეუფლა, შემდეგ ბრიტანელი ბილი ჯოი სონდერსი დაამარცხა WBO-ის სარტყელი ჩამოართვა და ბოლოს ქალებ პლანტს IBF-ის ტიტული დაათმობინა.

სხვათა შორის, კანელოს ერთადერთი მარცხი, ფლოიდ მეივეზერისგან, 2013 წელს აქვს ნაწვნევი და მაშინ მას ქვესაშუალო წონაში, WBC-ს ტიტული გადააბარა.

0.06863