„ალფა რომეომ“ გამოაცხადა, რომ მომავალი სეზონიდან, იტალიელ ანტონიო ჯოვინაცის ჩინელი გუანიუ ჟოუ შეცვლის. ეს ფორმულა 1-ის ისტორიაში, პირველი ჩინელი პილოტია. ის იტალიურ გუნდში „მერსედესიდან“ გადასულ ვალტერი ბოტასს გაუწევს პარტნიორობას.
„ალფა რომეოს“ შეფი ფრედერიკ ვასორი ამბობს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ იმ ფაქტმა არ განაპირობა, რომ ჟოუ ჩინელია. მისი თქმით, ეს პირველ რიგში, კომპანიას და გუნდის სპონსორებს გამოადგება ჩინეთში ისედაც პოპულარული ფ1-ის კიდევ უფრო მეტ წარმატებას შეუწყობს ხელს.
22 წლის ჟოუმ გასულ სეზონში, ფორმულა 2-ის ჩემპიონატში ბაჰრეინის და სილვერსტოუნის რბოლები მოიგო და ამჟამად, ჩემპიონობის შანსს ინარჩუნებს. ჟოუ ჯერჯერობით „ალპინის“ ტესტ მრბოლია და ამ როლში, ავსტრიის დიდი პრიზის თავისუფალ პრაქტიკაზე იასპარეზა. თუმცა სეზონის დასრულების შემდეგ, ის „ალპინთან“ კონტრაქტს“ შეწყვეტს.
ფორმულა 2-ის ჩემპიონტის დასრულებამდე ორი ეტაპით ადრე (რბოლები საუდის არაბეთსა და აბუ დაბიში ჩატარდება), ჟოუს მეორე ადგილი უკავია. ის ამბობს, რომ ფორმულა 1-ზე ბავშვობიდან ოცნებობდა და ბედნიერია, რომ ეს ოცნება აისრულა.
ჟოუ „ალფა რომეოს“ სოლიდურ სპონსორულ თანხასაც მოუტანს. არაოფიციალური ინფორმაციით, გუნდი ჩინელი პილოტის სპონსორებისგან 30 მილიონ დოლარს მიიღებს. თუმცა ვასორი კონტრაქტის ფინანსურ მხარეს არ ასაჯაროებს.
ცნობისათვის, მომავალი სეზონიდან, ძალაში შევა საბიუჯეტო ჭერი, რომელიც 145 მილიონი დოლარით განისაზღვრა, მომდევნო სეზონიდან კი 135 მილიონ დოლარამდე დაიკლებს. ამის გამო, დიდ გუნდებს ხარჯების მნიშვნელოვანი შეკვეცა უწევთ, პატარა გუნდებისთვის დამატებითი შემოსავალი, ამ ჭერის მიღწევის საშუალება იქნება.