ევროპის მოქმედი ჩემპიონი იტალიის ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯერჯერობით ვერ გავიდა და პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა!
C ჯგუფი
რობერტო მანჩინის გუნდს ჩრდილოეთ ირლანდიასთან ბოლო ტურში აუცილებლად მოგება სჭირდებოდა, თანაც, რაც შეიძლება დიდი სხვაობით, რომ შვეიცარიისთვის გადასწრების უფლება არ მიეცა. თუმცა, მოგებას ვინ ჩივის და „სკუადრა აძურამ“ ბელფასტში ქულები დაკარგა. სხვათა შორის, იტალიამ ჩრდილოეთ ირლანდიასთან სტუმრად მეოთხედ ითამაშა და არასდროს დაუმარცხებია (3 ფრე, 1 წაგება).
პარალელურად, შვეიცარიის ნაკრებმა ბულგარეთს მეორე ტაიმში 4 უპასუხო გოლი გაუტანა და იტალიას არამარტო ბურთების ბალანსით, არამედ 2 ქულით გადაასწრო. ამრიგად, შვეიცარია მუნდიალის მორიგი მონაწილე გახდა და „სკუადრა აძურა“ პლეი-ოფში გაუშვა, სადაც 2018 წელსაც იყო და მაშინ შვედეთის ნაკრებთან მარცხი განიცადა. ასე რომ, რეალური შანსია ევროპის ჩემპიონი მუნდიალს მიღმა ზედიზედ მეორედ დარჩეს, რაც იტალიას პირველად დაემართება. სხვათა შორის, იტალიამ შესარჩევი ეტაპი მიჯრით სამი გამარჯვებით დაიწყო და ეს ევროპის ჩემპიონატამდე იყო, ხოლო ევროპის ჩემპიონობის შემდეგ 5 ტურში მხოლოდ ერთხელ მოიგო, ისიც ლიეტუვასთან და ოთხჯერ ფრეს დასჯერდა. ისიც გავიხსენოთ, რომ ჟორჟინიომ შვეიცარიასთან ორივე მატჩში პენალტები გააცუდა, არადა, ერთიც რომ გაეტანა, ახლა იტალია მუნდიალზე იქნებოდა.
შვეიცარია - ბულგარეთი 4:0 (0:0)
გოლები: 1:0 ოკაფორი (48), 2:0 ვარგასი (57), 3:0 იტენი (72), 4:0 ფროილერი (90)
ჩრდ. ირლანდია - იტალია 0:0 (0:0)
1. | შვეიცარია | 8 | 5 | 3 | 0 | 15 | 2 | 13 | 18 |
2. | იტალია | 8 | 4 | 4 | 0 | 13 | 2 | 11 | 16 |
3. | ჩრდ. ირლანდია | 8 | 2 | 3 | 3 | 6 | 7 | -1 | 9 |
4. | ბულგარეთი | 8 | 2 | 2 | 4 | 6 | 14 | -8 | 8 |
5. | ლიეტუვა | 8 | 1 | 0 | 7 | 4 | 19 | -15 | 3 |
I ჯგუფი
სამაგიეროდ, ევროპის ვიცე-ჩემპიონმა ინგლისის ნაკრებმა გაინაღდა მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაშის უფლება. ეს მხოლოდ ფორმალობა იყო, რადგან გარეთ საუთგეიტის გუნდი სან მარინოს ხვდებოდა და ცხადია არ გაუჭირდებოდა. არც გაუჭირდა - 10:0! ალბიონელებმა ნამდვილი შოუ დადგეს. ამავე ჯგუფში პოლონეთმა შინ უნგრეთთან წააგო, მაგრამ 20 ქულით მეორე ადგილზე გავიდა და პლეი-ოფშია.
სან მარინო - ინგლისი 0:10 (0:6)
გოლები: 0:1 მაგუაირი (6), 0:2 ფაბრი (15, ა.გ), 0:3 კეინი (27), 0:4 კეინი (32), 0:5 კეინი (39), 0:6 კეინი (42), 0:7 სმით როუ (58), 0:8 მინგსი (69), 0:9 აბრაჰამი (78), 0:10 საკა (79)
პოლონეთი - უნგრეთი 1:2 (0:1)
გოლები: 0:1 შაფერი (37), 1:1 სვიდერსი (61), 1:2 გაზდაგი (80)
ალბანეთი - ანდორა 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 ჩეკიჩი (74)
1. | ინგლისი | 10 | 8 | 2 | 0 | 39 | 3 | 36 | 26 |
2. | პოლონეთი | 10 | 6 | 2 | 2 | 30 | 11 | 19 | 20 |
3. | ალბანეთი | 10 | 6 | 0 | 4 | 12 | 12 | 0 | 18 |
4. | უნგრეთი | 10 | 5 | 2 | 3 | 19 | 13 | 6 | 17 |
5. | ანდორა | 10 | 2 | 0 | 8 | 8 | 24 | -16 | 6 |
6. | სან მარინო | 10 | 0 | 0 | 10 | 1 | 46 | -45 | 0 |
F ჯგუფი
და ბოლოს F ჯგუფი, რომელშიც არაფერი წყდებოდა, რადგან დანიას პირველი და შოტლანდიას მეორე ადგილი გარანტირებული ჰქონდა. ისინი ერთმანეთს შეხვდნენ და სქოთებმა მოიგეს (2:0). არადა, დანიის ნაკრებმა ამ ჯგუფში მანამდე 9-დან 9 მოგება ჰქონდა და კარგი სერია გაუფუჭდა. თუმცა, მისია შესრულებულია და კასპერ ჰიულმანდის გუნდი მუნდიალზეა.
შოტლანდია - დანია 2:0 (1:0)
გოლები: 1:0 სოუტარი (35), 2:0 ადამსი (86)
ისრაელი - ფარერები 3:2 (1:0)
გოლები: 1:0 დაბური (30), 2:0 ვეისმანი (58), 2:1 ვატჰამარი (62), 2:2 ოსლენი (72), 3:2 პერეტცი (75)
ავსტრია - მოლდოვა 4:1 (2:0)
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (4), 2:0 ტრიმელი (22), 3:0 არნაუტოვიჩი (55), 3:1 ნიკოლაესკუ (60), 4:1 ლიუბიჩიჩი (83)
1. | დანია | 10 | 9 | 0 | 1 | 30 | 3 | 27 | 27 |
2. | შოტლანდია | 10 | 7 | 2 | 1 | 17 | 7 | 10 | 23 |
3. | ისრაელი | 10 | 5 | 1 | 4 | 23 | 21 | 2 | 16 |
4. | ავსტრია | 10 | 5 | 1 | 4 | 19 | 17 | 2 | 16 |
5. | ფარერები | 10 | 1 | 1 | 8 | 7 | 23 | -16 | 4 |
6. | მოლდოვა | 10 | 0 | 1 | 9 | 5 | 30 | -25 | 1 |
ამრიგად, მსოფლიოს ჩემპიონატს უკვე 11 მონაწილე ჰყავს: ყატარი, ინგლისი, შვეიცარია, ბელგია, საფრანგეთი, ესპანეთი, დანია, სერბეთი, ხორვატია, გერმანია და ბრაზილია.