ავტოსპორტი

2:53 | 15.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

101-ე გამარჯვება, როგორც პირველი

დღეს სან პაულუს ინტერლაგოსის ტრეკზე დიდი რბოლა გაიმართა, რომელზეც ავტოსპორტის მოყვარულმა, ჩემპიონობის ღირსი ორი პილოტის უშეღავათო პაექრობა იხილა. ეს ის შემთხვევაა, როცა გული გწყდება, რომ ტიტული მხოლოდ ერთისთვისაა. მეორე კი, მხოლოდ „დანარჩენებს შორის პირველის“ წოდებას უნდა დასჯერდეს.

დღეს ლუის ჰამილტონმა კიდევ ერთხელ გვიჩვენა, თუ რატომ არის მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი. მაქს ფერსტაპენმა კი დაგვანახა, რომ დიდი ბრძოლის შემდეგ, მხოლოდ საუკეთესოსთან მარცხდება და ისიც, იშვიათად. იმიტომ, რომ თავადაც საუკეთესოა.

„სხვა მსგავს სარბოლო უქმეებს ვერ ვიხსენებ. შესაძლოა, ეს ჩემი ერთ-ერთი საუკეთესი უქმეები იყო, თუ არა საუკეთესო“, - განაცხადა ჰამილტონმა, ვინც ამ გამარჯვებით, ფერსტაპენთან ჩამორჩენა 14 ქულამდე შეამცირა.

ბრიტანელი ყველაზე სწრაფი იყო პარასკევის კვალიფიკაციაზე, შეიძლება ითქვას, სპრინტ რბოლაშიც, რომელიც ბოლოდან დაიწყო და მეხუთემ დაასრულა და ძირითად რბოლაშიც, რომელიც ძრავის ჯარიმის გამო, მეათედან დაიწყო და პირველმა დაასრულა.

ჰამილტონმა ინტერლაგოსზე მესამე გამარჯვება მოიპოვა და მოხსნა სან პაულუს ტრეკის რეკორდი, რომელიც ჯანკარლო ფიზიკელამ 2003 წლის რბოლაში დაამყარა - ის რბოლა იტალიელმა მერვე პოზიციიდან დაიწყო და მოიგო. 36 წლის ჰამილტონმა კი მეათედან მიაღწია გამარჯვებას.

„ლუის, შენ 20-ადგილიანი დისკვალიფიკაცია გადაფარე და ასე მოიგე“, - შეეხმიანა „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი გამარჯვებულს, რაზეც ჩემპიონმა უპასუხა: „სინამდვილეში, 25 ადგილი იყო, მაგრამ შენ მართალი ხარ“. ჰამილტონისთვის ეს სეზონში მეექვსე, კარიერაში კი 101-ე გამარჯვებაა.

ჰამილტონს ერთი ქულა სერხიო პერესმა აართვა, ვისაც „რედ ბულმა“ საბურავები ბოლო წრისთვის გამოუცვალა, რათა საუკეთესო წრე ბრიტანელისთვის ჩამოერთვა. მექსიკელმა ეს მისია უზადოდ შეასრულა. ასე რომ არ მომხდარიყო, ფერსტაპენსა და ჰამილტონს შორის 13 ქულა იქნებოდა. მესამე ადგილი ვალტერი ბოტასმა დაიკავა და „მერსედესმა“ კონსტრუქტორთა ჩემპიონატზე, „რედ ბულთან“ უპირატესობა 11 ქულამდე გაზარდა.

ბოტასმა სტარტი პოულიდან აიღო, მაგრამ ფერსტაპენმა პირველივე მოსახვევში შეასწრო და დაწინაურდა. ფინელს მალე პერესმაც გაასწრო. ჰამილტონი სტარტზე მეათე იყო, მაგრამ მეხუთე წრისთვის მესამეზე მას შემდეგ გადაინაცვლა, რაც პირველი მოსახვევის წინ, ბოტასმა გზა დაუთმო. ამ დროს, ჰამილტონი პერესს 3.5 წამით ჩამორჩებოდა, მაგრამ მალე ტრეკზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა და ჰამილტონს ამ ჩამორჩენის ლიკვიდირებაში დაეხმარა. მან მექსიკელს მე-18 წრეზე გაასწრო.

წინ ფერსტაპენი დარჩა, რომელსაც ადრეული პიტ სტოპის წყალობით წამოეწია. 24 წლის ფერსტაპენმა დაინახა, რომ რეზინის თუნდაც ერთი წრით გამოცვლამ, მეტოქეს დდ უპირატესობა მისცა და ამიტომ, თავის გუნდს, მეორე პიტ სტოპის ჰამილტონზე ადრე შესრულება მოსთხოვა. მერე იყო „მერსედესსა“ და ჰამილტონს შორის რადიო კავშირი, რომელზეც გუნდმა პილოტს მეორე სტოპი შესთავაზა. ჰამილტონმა ამჯერად არ იჩქარა. „რედ ბულმა“ კი ჩათვალა, რომ დასწრებისთვის კარგი მომენტი ჰქონდა და მაშინვე ბოქსებში უხმო ფერსტაპენს.

ჰამილტონმა თავისი სტოპი სამი წრის შემდეგ შეასრულა. და მალევე შეძლო ლიდერის დაწევა. 48-ე წრეზე ბრიტანელს გასწრების პირველი მცდელობა ჰქონდა. და თითქოს, საწადელს მიაღწია კიდეც, მაგრამ ფერსტაპენმა კონტრ შეტევით, მაშინვე დაიბრუნა ლიდერობა. თან ორივე მანქანა ტრასის მიღმა გავიდა. ოღონდ, სწრაფადვე დაბრუნდა. აქედან მოყოლებული, მათ შორის სხვაობა ძირითადად 1 წამის ფარგლებში იყო.

59-ე წრეზე ჰამილტონმა გასწრება მაინც შეძლო. და ამჯერად მეტოქისთვის კონტრ შეტევის საშუალება აღარ მიუცია. დარჩენილ წრეებზე, მან უპირატესობა გაზარდა და ფინიშიც პირველმა გადაკვეთა. დასაბრუნებელ წრეზე, მან ბრაზილიის დროშა ააფრიალა და ათობით ათასი მაყურებლის ოვაციებიც დაიმსახურა.

შეგახსენებთ, რომ ეს ის ტრასაა, სადაც ჰამილტონმა თავისი შვიდი ტიტულიდან პირველი (2007 წელს, მაკლარენთან ერთად) მოიპოვა. თანაც ეს ბრაზილიელ ფელიპე მასასთან უშეღავათო ბრძოლაში, ჩემპიონატის ბოლო მოსახვევში შეძლო.

ბრაზილიის დიდი პრიზი

სან პაულუ, ინტერლაგოსი, დისტანცია 305.939 კმ (71 წრე, 4.309 კმ)

  1. ლუის ჰამილტონი (ბრიტანეთი, მერსედესი) 1:32'22.851
  2. მაქს ფერსტაპენი (ჰოლანდა, რედ ბული) 10.496
  3. ვალტერი ბოტასი (ფინეთი, მერსედესი) 13.576
  4. სერხიო პერესი (მექსიკა, რედ ბული) 39.940
  5. შარლ ლეკლერი (მონაკო, ფერარი) 49.517
  6. კარლოს საინსი (ესპანეთი, ფერარი) 51.820
  7. პიერ გასლი (საფრანგეთი, ალფატაური) 1 წრე
  8. ესტებან ოკონი (საფრანგეთი, ალპინი) 1 წრე
  9. ფერნანდო ალონსო (ესპანეთი, ალპინი) 1 წრე
  10. ლანდო ნორისი (ბრიტანეთი, მაკლარენი) 1 წრე
  11. სებასტიან ფეტელი (გერმანია, ასტონ მარტინი) 1 წრე
  12. კიმი რაიკონენი (ფინეთი, ალფა რომეო) 1 წრე
  13. ჯორჯ რასელი (ბრიტანეთი, უილიამსი) 1 წრე
  14. ანტონიო ჯოვინაცი (იტალია, ალფა რომეო) 1 წრე
  15. იუკი ცუნოდა (იაპონია, ალფატაური) 1 წრე
  16. ნიკოლას ლატიფი (კანადა, უილიამსი) 1 წრე
  17. ნიკიტა მაზეპინი (რუსეთი, ჰაასი) 2 წრე
  18. მიკ შუმახერი (გერმანია, ჰაასი) 2 წრე
  19. დანიელ რიკარდო (ავსტრალია, მაკლარენი) 22 წრე
  20. ლანს სტროლი (კანადა, ასტონ მარტინი) 24 წრე

უსწრაფესი წრე: სერხიო პერესი - 1:11.010 (71-ე წრე, 218.453 კმ/სთ)

მრბოლთა კლასიფიკაცია

1. მაქს ფერსტაპენი - 332.5 ქულა; 2. ლუის ჰამილტონი - 318.5; 3. ვალტერი ბოტასი - 203; 4. სერხიო პერესი - 178; 5. ლანდო ნორისი - 151; 6. შარლ ლეკლერი- 148; 7. კარლოს საინსი - 139.5; 8. დანიელ რიკარდო - 105; 9. პიერ გასლი - 92; 10. ფერნანდო ალონსო - 62; 11. ესტებან ოკონი - 50; 12. სებასტიან ფეტელი - 42; 13. ლანს სტროლი - 26; 14. იუკი ცუნოდა - 20; 15. ჯორჯ რასელი - 16; 16. კიმი რაიკონენი - 10; 17. ნიკოლას ლატიფი - 7; 18. ანტონიო ჯოვინაცი - 1; 19-21. მიკ შუმახერი, რობერტ კუბიცა (პოლონეთი, ალფა რომეო) და ნიკიტა მაზეპინი - 0.

კონსტრუქტორთა ჩემპიონატი

1. მერსედესი - 521.5 ქულა; 2. რედ ბულ-ჰონდა - 510.5; 3. ფერარი - 287.5; 4. მაკლარენ-მერსედესი - 256; 5-6. ალპინ-რენო და ალფატაური-ჰონდა - 112; 7. ასტონ მარტინ-მერსედესი - 68; 8. უილიამს-მერსედესი - 23; 9. ალფა რომეო-ფერარი - 11; 10. ჰაას-ფერარი - 0.

0.244764