იტალიის ნაკრებში პენალტისტი იცვლება. როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება, „სკუადრა აძურას“ მომდევნო პენალტს ჟორჟინიო არ შეასრულებს.
იტალო-ბრაზილიელი ნახევარმცველი შტატიანი პენალტისტია და კარიერაში (თამაშიდან და არა სერიაში) მხოლოდ 6 თერთმეტმერიანი აქვს გაცუდებული, ამასთან „ჩელსიში“ მიმდინარე სეზონში შეცდომა არ დაუშვია, მაგრამ ნაკრებში განსხვავებული ვითარებაა.
ჟორჟინიომ „აძურას“ მაისურით ბოლო სამი პენალტი ვერ გაიტანა და სამივე უმნიშვნელოვანესი. პირველი ევრო 2020-ის ფინალში ინგლისის ნაკრებთან პენალტების სერიაში გადამწყვეტი დარტყმა, რომ გაეტანა, იტალია ჩემპიონი ხდებოდა, მაგრამ ვერ გაიტანა. მისდა საბედნიეროდ, ჯანლუიჯი დონარუმამ შემდეგ ბუკაიო საკას აჯობა და იტალია მაინც გაჩემპიონდა.
ამას მოჰყვა ბაზელში შვეიცარიასთან ვერგატანილი პენალტი და თამაში უგოლოდ დასრულდა, ხოლო ბოლოს იმავე შვეიცარიასთან რომში, 90-ე წუთზე პენალტი კარს ააცილა, რითაც მატჩი 1:1 დასრულდა, არადა, რომ გაეტანა, რობერტო მანჩინის გუნდს მუნდიალის საგზური პრაქტიკულად ჯიბეში ექნებოდა, მაგრამ ახლა ეს საკითხი სათუოა.
იტალიური მედია წერს, რომ მომდევნო პენალტს ლეონარდო ბონუჩი ან დომენიკო ბერარდი შეასრულებს. „იუვენტუსის“ მცველმა მიმდინარე სეზონში ერთი პენალტი გაიტანა („სამპდორიასთან“), ევროპის ჩემპიონატზე კი ესპანეთთან და ინგლისთან სერიაში შეცდომა არ დაუშვია. დომენიკო ბერარდი „სასუოლოს“ შტატიანი პენალტისტია და კარიერაში 36 პენალტი აქვს გატანილი. გარდა ამისა, ევრო 2020-ის ფინალში პირველი თერთმეტმეტრიანი სწორედ მან გაიტანა.
იტალიის ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის ბოლო ტურში ბელფასტში ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება და გამარჯვება სჭირდება, თანაც, რაც შეიძლება დიდი ანგარიშით, რომ შვეიცარიას გადასწრების შანსი არ მისცეს.