მექსიკის ქალაქ გვადალახარაში მიმდინარე, WTA-ს ფინლის ჯგუფური ეტაპი, პირველმა ესტონელმა ანეტ კონტავეიტმა გადალახა. მეორე შეხვედრაში მან ჩეხ კაროლინა პლიშკოვას 6-4, 6-0 მოუგო. გამარჯვება მოიპოვა ესპანელმა გარბინე მუგურუსამ, ვინც 2-6, 6-3, 6-4 მოუგო ჩეხ ბარბორა კრეიჩიკოვას.
კონტავეიტის და პლიშკოვას შეხვედრის პირველი გეიმი დაძაბული გამოდგა. მეცხრე გეიმში ჩეხს სამი ბრეიკ პოინტი ჰქონდა, მაგრამ კონტავეიტმა ყველა გაქვითა და მეათე გეიმში, თავად შეძლო მეტოქის მოწოდების აღება. მეორე სეტში კი ბრძოლა არ ყოფილა. ესტონელმა, მესამე ნომრად განთესილ მეტოქეს ერთი გეიმიც კი არ მოაგებინა. ეს ამ ჩოგბურთელების მეოთხე შეხვედრა იყო და კონტავეიტმა პირველად შეძლო გამარჯვება.
კონტავეიტმა პირველ შეხვედრაში, საფრანგეთის ღია პირველობის ჩემპიონი და მსოფლიოს მესამე ჩოგანი კრეიჩიკოვა დაამარცხა, რომელმაც მეორე თამაშიც წააგო და ტურნირს უკვე გამოეთიშა, თუმცა მესამე შეხვედრის ჩატარებაც მოუწევს. ესტონელს გვადალახარაში ჩასვლამდე, ზედიზედ ორი ტურნირი (ტრანსილვანიის ღია და კრემლის თასი) და ზედიზედ 11 შეხვედრა აქვს მოგებული.
„კორტზე სიამოვნებას ვღებულობ, კარგ დროს ვატარებ. ვფიქრობ, სწორედ ესაა იმის მიზეზი, რომ ასე კარგად ვთამაშობ. ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ყველას დამარცხება შემიძლია. იოლ შეხვედრას არასდროს ველი. პირიქით, რთული შეხვედრებისთვის ვემზადები და როცა გამოვდივარ, ყოველთვის ვცდილობ, ბოლომდე დავიხარჯო“, - განაცხადა კონტავეიტმა, ვისაც თავისი ბოლო 30 შეხვედრიდან, 28 აქვს მოგებული.
რაც შეეხება მუგურუსას, მან მეორე ნომრად განთესილ კრეიჩიკოვასთან შეხვედრა პირველი სეტის წაგებით დაიწყო. მაგრამ მეორე სეტიდან უკეთ ათამაშდა. მესამე სეტში, თავიდანვე შეძლო ბრეიკის აღება და უპირატესობა ხელიდან აღარც გაუშვია.
მუგურუსას შემდეგი მეტოქე კონტავეიტია, ვინც ნახევარფინალში ნებისმიერ შემთხვევაში გასულია. მუგურუსას კი მხოლოდ მოგება სჭირდება.