კატალონიის „ბარსელონას“ თავდამსხმელ სერხიო აგუეროს შესაძლოა კარიერის დასრულება მოუწიოს. ამის შესახებ Radio Catalunya იტყობინება.
არგენტინელმა ფეხბურთელმა 30 ოქტომბერს, „ალავესთან“ მატჩში გულმკერდის არეში დისკომფორტი იგრძნო და გულის არითმია დაუდგინდა, რის შედეგადაც, „ბარსელონამ“ გაავრცელა ცნობა, რომ მინიმუმ 3 თვე ვერ ითამაშებდა.
თუმცა, ახლა ესპანური მედიის ცნობით, მდგომარეობა უფრო რთულია და „კუნმა“ შესაძლოა მოედანზე დაბრუნება ვეღარ მოახერხოს. ფეხბურთელმა დამატებითი გამოკვლევები კიდევ უნდა ჩაიტაროს და უფრო ნათელი სურათი ამის შემდგომ გახდება ცნობილი.
შეგახსენებთ, რომ სერხიო აგუერო „ბარსელონას“ ზაფხულში შეუერთდა და ესპანური გრანდის მაისურით ხუთ მატჩში ერთი გოლის გატანა მოახერხა.