თორნიკე შენგელიას “ლაბორალ კუჩამ”, რომელიც მიმდინარე სეზონში ესპანეთის ჩემპიონატის გარდა, ევროლიგაშიც ითამაშებს, სწორედ ამ ტურნირისადმი მიძღვნილი პრეზენტაცია მოაწყო.
სასიხარულოა, რომ “თოკომ” ტრავმა მოიშუშა და აღნიშნულ წარდგენაში აქტიური მონაწილეობა მიიღო. გუნდის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, შენგელია უკვე საერთო ჯგუფთან ერთად ვარჯიშობს და შორს არაა ის დრო, როდესაც მოედანზე გასვლას მოახერხებს.
“გუნდის შემადგენლობა ძირეულად გადახალისდა, თუმცა, მომავალ სეზონს დიდი იმედებით ველი. ჩემი აზრით, “ლაბორალ კუჩა” ყველა რგოლში კარგად არის დაკომპლექტებული. ჩინებული მოსამზადებელი პერიოდი გვქონდა და თავადაც წარმატებისთვის მაქსიმუმს გავიღებ”, - აღნიშნა შენგელიამ, რომელიც როგორც - ესპანურ, ასევე ევროპულ ასპარეზზე 7-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
ცნობისთვის, ბასკურ კლუბს ესპანეთის ჩემპიონატში მომდევნო მატჩი 11 ოქტომბერს შინ, მალაგას “უნიკახასთან” ელის, ევროლიგას კი 15-ში, ასევე მშობლიურ კედლებში ლიტვურ “ნეპტუნასთან” გახსნის.