ლუის ჰამილტონს მერვე ტიტულის მოპოვების შანსი, ბრაზილიაში შეიძლება კიდევ უფრო შეუმცირდს. საქმე ისაა, რომ მის მანქანაზე, ძრავი შეიძლება კიდევ ერთხელ შესაცვლელი გახდეს. და თუ ასე მოხდა, ის სტარტზე ადგილებს დაკარგავს.
„მერსედესი“ ძრავის შეცვლას განიხილავს. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, თუმცა რადგან ეს საკითხი განხილვის საგანია, ესე იგი, ინჟინრებმა პრობლემა აღმოაჩინეს, ან შესაძლოა, ეს ტაქტიკური სვლა იყოს.
მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი მაქს ფერსტაპენს 19 ქულით ჩამორჩება. თუ ჰამილტონს ძრავს შეუცვლიან, დიდი ალბათობით, ჰოლანდიელი უპირატესობას კიდევ უფრო გაზრდის. ბრაზილიის შემდეგ დარჩენილ სამ ეტაპზე კი მაქსიმუმ 78 ქულის მოპოვება იქნება შესაძლებელი.
ძრავთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, ჰამილტონმა არ უარყო, რომ შესაძლოა, ეს მართლაც საჭირო გახდეს: „ახლა ამაზე ვერაფერს ვიტყვი. მე ვიცი, რომ ძრავები წესრიგშია. მოგვიანებით დავაზუსტებ. ძრავთან დაკავშირებით, გუნდში ბრიფინგი ჯერ არც ჩაგვიტარებია“.
ჰამილტონი ამბობს, რომ ინტერლაგუში იმ ტრასებს შორისაა, სადაც გასწრება რთულია და ამიტომ, აქ ძრავის გამოცვლა და ამის გამო, სტარტზევე ადგილების დაკარგვა, ტაქტიკურად არ იქნება გამართლებული. ესეც რომ არა, ბრაზილიაში ჰამილტონს ბოლო რვა რბოლიდან მხოლოდ ერთი აქვს მოგებული.
„გასწრებისთვის ეს კარგი ტრასა არაა. წინ მიმავალთან, წრეზე 1.1 წამიანი უპირატესობა უნდა გქონდეს, რომ გასწრება შეძლო. ეს კი ძალიან ბევრია. ამ უქმეებზე რთული გამოწვევა გველის. რედ ბულს წინა რბოლაში ფენომენალური სიჩქარე ჰქონდა. თან ისინი ამ ტრასაზე ძალიან მაგრები არიან. ყველა დარჩენილ რბოლაში გამარჯვებისთვის უნდა ვიბრძოლოთ“, - ამბობს ჰამილტონი.