ავტოსპორტი

4:36 | 10.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი: თუ ბრაზილიაშიც წავაგებ, ესე იგი პრობლემა მაქვს

მექსიკაში გამარჯვების შემდეგ, მაქს ფერსტაპენმა ლუის ჰამილტონთან უპირატესობა 19 ქულამდე გაზარდა. ეს სოლიდური უპირატესობაა და იმის გათვაისწინებით, რომ სან პაულუს ინტერლაგუში, „რედ ბულს“ უკეთ მიესადაგება, ვიდრე „მერსედესს“, ფერსტაპენს იქაც მოგების რეალური შანსი ექნება.

ბრაზილიაში გამარჯვების შემთხვევაში, ფერსტაპენის უპირატესობა 25 ქულას მიაღწევს. ეს კი ნიშნავს, რომ თუ დარჩენილ სამ რბოლას ჰამილტონი მოიგებს და თითო ქულასაც სწრაფი წრისთვის მიიღებს, ფერსტაპენს სამივეში მეორე ადგილიც ეყოფა იმისთვის, რომ ჩემპიონის ტიტულს დაეუფლოს.

„წინ ოთხი რბოლა გვაქვს. მაგრამ 19 ქულა ბევრია. თან ის (ფერსტაპენი) ამ სეზონში ბევრს იგებს. მექსიკაში ისინი გაცილებით სწრაფები იყვნენ. თუ ბრაზილიაშიც ასე იქნება, ჩვენ პრობლემები შეგვექმნება. მათ „რედ ბულს) შესანიშნავი ფრთები აქვთ. არ ვიცი, მათ ბრაზილიაშიც თუ გამოიყენებენ. თუმცა იმედი მაქვს, სიჩქარის მხრივ, ჩვენ მათთან ახლოს ვიქნებით“, - ამბობს ჰამილტონი.

მისივე თქმით, ერთადერთი სტრატეგია აქვს - ყველა რბოლის მოგება. „ამის მიღწევა ჩვენ აქაც გვსურდა, წინა რბოლაშიც და იმის წინაშიც. მაგრამ ისინი უბრალოდ, ძალიან სწრაფები არიან. ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეგვეძლო, მაგრამ ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.“, - დასძენს მოქმედი ჩემპიონი.

მან მექსიკური რბოლის სტარტზე განცდილი მარცხიც ახსნა: „მთელი უქმეების განმავლობაში, დამუხრუჭებისას პრობლემები მქონდა. ალბათ შენიშნეთ, რომ ვარჯიშზე და კვალიფიკაციისას, პირველ მოსახვევში ბლოკირებული ბორბლებით შევედი. რატომღაც, ამ ტრასაზე ჩვენი მანქანა ამ მიზეზით ბევრს აგებდა. აქ დიდი ჩაჭიდრბის ძალაა საჭირო, მაგრამ რედ ბულის მახასიათებლებს ვერ მივაღწიეთ“.

0.124105