ჩავი „ბარსელონაში“ მუშაობას შეუდგა და კლუბში ახალი წესებიც შემოიღო. როგორც ესპანური მედია იტყობინება, 41 წლის სპეციალისტმა კლუბში უკვე გააცნო ყველას ახალი 10 წესი, რომლის დარღვევის უფლება არავის ექნება.
ჩავიმ მთლიანობაში 10 წესი შემოიღო:
1. ვარჯიშზე ჩავი ახალ განრიგს დააწესებს. ფეხბურთელები ბაზაზე დილის 9:30 საათზე უნდა მივიდნენ, ანუ ვარჯიშის დაწყებამდე საათნახევრით ადრე, რათა ფეხბურთელებსა და ჩავის შორის საწვრთნელ პროცესამდე დიალოგი გაიმართოს.
2. განრიგი იცვლება უშუალოდ სამწვრთნელო შტაბისთვისაც, რომლებიც ბაზაზე ვარჯიშის დაწყებამდე 2 საათით ადრე უნდა მივიდნენ.
3. „ბლაუგრანას“ მოთამაშეები ვალდებული იქნებიან ერთად ისადილონ და ვახშამს კლუბის დიეტოლოგი გააკონტროლებს. დიეტა ფეხბურთელებს ტრავმებისგან თავიდან აცილებაში დაეხმარება.
4. ჩავი ასევე ქცევის მკაცრ კოდექსს აწესებს და ვარჯიშის დროს უხეშობისთვის (სერიოზული ან ძალიან სერიოზული ფოლებისთვის) ფეხბურთელები დაჯარიმდებიან. ეს იდეა მან პირდაპირ გვარდიოლადან გადმოიღო. აღსანიშნავია, რომ ეს წესი ლუის ენრიკეს პერიოდში გაუქმდა.
5. ასევე დაწესდება ჯარიმები ვარჯიშზე დაგვიანებებისთვის, განმეორების შემთხვევაში კი ის ჯარიმის ოდენობა გაიზრდება. პირველი ჯარიმა ითვალისწინებს 100 ევროს, მეორე 200 ევროს და ა.შ.
6. თამაშამდე 48 საათით ადრე გაკონტროლდება ფეხბურთელების გარე აქტივობებიც. აკრძალულია სახლში შუაღამისთვის დაბრუნება.
7. ჩავის წესებით ძირითად შემადგენლობაში ადგილი გარანტირებული არავის ექნება. ფეხბურთელებმა თამაში ვარჯიშების დროს ბოლომდე დახარჯვით უნდა დაიმსახურონ. ითამაშებენ ისინი, ვინც ვარჯიშზე ყველაფერს გაიღებენ, სხვა შემთხვევაში ფეხბურთელი ან თადარიგში დარჩება ან შეიძლება განაცხადშიც ვერ მოხვდეს.
8. ესპანელი მწვრთნელი და მისი ასისტენტები მონიტორინგს გაუწევენ ფეხბურთელების ყველა აქტივობას, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მათი თამაშის ხარისხზე. მაგალითად, პირადი მიზნით ბევრი მოგზაურობა აიკრძალება.
9. ასევე აკრძალული იქნება პოტენციურად სარისკო აქტივობები. ჩავის სურს ყოველმხრივ თავიდან აიცილოს ახალი ტრავმები და ფეხბურთელების შეზღუდვას დარღვევების შემთხვევაში ჯარიმებით აპირებს.
10. და ბოლოს, ყველა მოთამაშემ უნდა შეინარჩუნოს კლუბის კარგი იმიჯი. მათ პატივი უნდა სცენ წესებს, მიესალმონ და ეკონტაქტონ გულშემატკივრებს.
შეგახსენებთ, რომ ჩავიმ „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. 41 წლის სპეციალისტის დებიუტი „ბლაუგრანას“ მთავარი მწვრთნელის რანგში 20 ნოემბერს, „ესპანიოლთან“ შედგება.