ჩოგბურთი

1:03 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩს კარიერის დასრულების შემდეგ მწვრთნელობა სურს

ნოვაკ ჯოკოვიჩს სურს, რომ როცა ჩოგბურთელის კარიერას დაასრულებს, საჩოგბურთო მწვრთნელი გახდეს. როგორც პარიზის მასტერსზე გამარჯვების შემდეგ, სერბულ მედიასთან საუბრისას თქვა, მას არ სურს, თავისი საჩოგბურთო ცოდნა და გამოცდილება „საფლავში“ წაიღოს.

ჯოკოვიჩმა მასტერსის სერიის 37-ე ტიტული მოიპოვა, რაც რეკორდია. აქედან ექვსჯერ პარიზის მასტერსი აქვს მოგებული. ფინალში მან რუსი დანიილ მედვედევი 4-6, 6-3, 6-3 დაამარცხა. სხვათა შორის, მედვედევმა დიდი სლემის პირველი ტიტული ახლახანს, აშშ-ის ღიაზე მოიპოვა, რომლის ფინალში სწორედ ჯოკოვიჩს მოუგო.

ჯოკოვიჩმა, ვინც მეშვიდე სეზონს დაასრულებს მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში (რაც ასევე რეკორდია) 25 წლის მედვედევი შეაქო და განაცხადა, რომ რუსი მომავალი პირველი ჩოგანია.

„უეჭველია, რომ ის ამჟამად მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელია. და თუ ტრავმები ხელს არ შეუშლის, დიდი სლემის ბევრად მეტ ტიტულს მოიგებს. მისი მწვრთნელი რომ ვიყო, საქმე თითქმის არ მექნებოდა. ის ამ ეტაპზე, ალბათ ჩემი ყველაზე ძლიერი მეტოქეა. და პირველი ჩოგნის პოზიციასაც ძალიან მოუახლოვდა. ის ახალი თაობის ჩოგბურთელებს შორის გამორჩეული ლიდერია და მის თამაშში ნაკლს ვერ ვხედავ“, - ამბობს 34 წლის ჯოკოვიჩი.

ჯოკოვიჩს დიდი სლემის 20 ტიტული აქვს მოპოვებული. ზუსტად იმდენი, რამდენიც როჯერ ფედერერს და რაფაელ ნადალს. ის ამბობს, რომ ახალი თაობის ნიჭიერ ჩოგბურთელებთან მუშაობა სურს.

„ჩემთვის ერთადერთი ლოგიკური საქციელი იქნება, თუ ჩემს ცოდნას სხვებს გავუზიარებ. მომავალში, ჩემს თავს სხვადასხვა როლში ვხედავ და ძალიან გამიხარდება, თუ მომავალში მწვრთნელად ჩამოვყალიბდები“, - დასძენს ჯოკოვიჩი, ვინც 14-21 ნოემბერს მასტერსის ფინალში ითამაშებს, შემდეგ კი სერბეთის ნაკრებს, დევისის თასზე დაეხმარება.

0.12269