რაგბი

0:25 | 9.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

მერაბ შარიქაძე - ფრანგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია

საფრანგეთთან გასამართი „შემოდგომის ერთა სერიის“ მატჩამდე, ბორჯღალოსნების მთავარი მწვრთნელის – ლევან მაისაშვილისა და კაპიტნის – მერაბ შარიქაძის პირველმა ონლაინ-პრესკონფერენციამ საერთაშორისო მედიის დიდი ყურადღება დაიმსახურა.

საქართველო საფრანგეთს ბორდოში ესტუმრება და 14 ნოემბერს მსოფლიო თასს მიღმა პირველ შეხვედრას გამართავს. ის ჩვენი დროით 17 საათზე დაიწყება.

ბორჯღალოსნები საფრანგეთში გუშინ ჩავიდნენ, დღეს კი ჟურნალისტების კითხვებს უპასუხეს.

„ნაყოფიერი კვირა გვქონდა და ბევრ ისეთ დეტალზე ვიმუშავეთ, რასაც ერთი კვირის განმავლობაში ვერ ვახერხებდით. სამწუხაროა, რომ თბილისში შეკრების ბოლო დღეს გელა აფრასიძე გამოგვაკლდა. მას ძველი ტრავმა გაუმიზეზდა და ვერცერთ თამაშში ვერ დაგვეხმარება“ – თქვა ლევან მაისაშვილმა და მომავალი მეტოქე საფრანგეთი, არგენტინასთან 29:20 გამარჯვების შემდეგ დაახასიათა:

„დიდი ხანია საფრანგეთი ისეთ კარგ კონდიციაში არ ყოფილა, როგორშიც ბოლო წლებია. მას აქვს თავისი ხელწერა, რაც არგენტინასთან თამაშშიც გამოჩნდა. საფრანგეთი თანაბრად ძლიერია როგორც შეჯგუფებებში და ძალისმიერ, ასევე ხელდახელ თამაშში. ჩვენთვის გამოწვევაა დავუპირისპირდეთ მათ სტატიკურ ფაზებში. შევძლებთ თუ ვერა მეტოქის თამაშის დაკეტვას, ეს 14-ში გამოჩნდება“.

მაისაშვილს ტურნეს მეორე, 20 ნოემბერს ესპანეთში ფიჯისთან გასამართ მატჩზეც კითხეს:

„ამ ეტაპზე მწვრთნელებისა და მოთამაშეების სრული კონცენტრაცია საფრანგეთისკენაა მიმართული, თუმცა რა თქმა უნდა, მწვრთნელებს ფიჯის შესახებ გარკვეული მონახაზი უკვე გვაქვს. ჩვენ ვიცით მათი ძლიერი და სუსტი მხარეები და საფრანგეთისგან განსხვავებით, ამ მეტოქეს საკმარისად აქვს სუსტი წერტილები, რათა პრობლემები შევუქმნათ. მათ არ უნდა მივცეთ თამაშის მართვის შესაძლებლობა და ამ შემთხვევაში შანსი აუცილებლად გვექნება“.

მერაბ შარიქაძისთვის, რომელიც წლების განმავლობაში საფრანგეთში თამაშობდა, „ლე ბლეს“ წინააღმდეგ თამაში დიდი პასუხისმგებლობაა:

„არაერთი წელი მაქვს საფრანგეთში გატარებული და ბიჭების უმრავლესობა ახლაც საფრანგეთში თამაშობს. ეს შეხვედრა ყველა ჩვენთაგანისთვის პრინციპულ ხასიათს ატარებს. ფრანაგებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ქართული რაგბი საჭირო სიმაღლეზეა და ღირებულია. საფრანგეთში წლების განმავლობაში თამაშობდნენ ქართველები, იქ ჩვენი თანამემამულეები ახლაც არიან და მათ წინაშე პასუხისმგებლობას ვგრძნობთ. ვეცდებით ხარისხიანი რაგბი ვაჩვენოთ და მოედანი თავაწეულებმა დავტოვოთ“.

„ძნელია საფრანგეთს რამეში აჯობო, თუნდაც შერკინებაში. ის კარგად დაბალანსებული გუნდია, თუმცა ჩვენი მისია სწორედ ის იქნება, რომ მათ პრობლემა ყველა კომპონენტში შევუქმნათ“.

შარიქაძე, 12 სხვა მოთამაშესთან ერთად, ბორჯღალოსნებში პირველადაა ქართული ფრენჩაიზის, ‘შავი ლომის’ მოთამაშის სტატუსით, რომელმაც რაგბი ევროპის სუპერ თასზე ორი შეხვედრის გამართვა მოასწრო:

„მიუხედავად იმისა, რომ ნაკრების წევრთა უმეტესობა ‘შავი ლომის’ ნაწილი არაა, ამ გუნდის არსებობა უკვე ნაკრებსაც დაეტყო. ვარჯიშები უწინდელზე უფრო დალაგებულად დაიწყო, ბევრი რამ წინ გვქონდა წაგდებული და მაქვს იმედი, რომ მომავალში ეს კიდევ უფრო თვალსაჩინო გახდება“.

RUGBY.GE

0.134051