სხვა

23:52 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ოლიმპიურმა ჩემპიონმა ნიუ იორკის მარათონი მოიგო

კენიელმა ოლიმპიურმა ჩემპიონმა პერეს ჯეპჩირჩირმა ნიუ იორკის 50-ე მარათონი, უშეღავათო ბრძოლაში მოიგო. მამაკაცთა გარბენშიც გამარჯვება კენიელმა მორბენალმა - ალბერტ კორირმა გაიმარჯვა.

ჯეპჩირჩირი პირველი ათლეტია, ვინც ერთ სეზონში, ოლიმპიადის მარათონიც მოიგო და ხუთი პრესტიჟული მარათონიდან ერთ-ერთშიც გაიმარჯვა. ამისთვის კი გვარიანი გარჯა დასჭირდა. მან დისტანცია ორ საათში, 22 წუთსა და 39 წამში გაირბინა. მეორე და მესამე ადგილები, შესაბამისად, კენიელმა ვიოლა ჩეპტოომ და ეთიოპიელმა აბაბელ იეშანემ დაიკავეს.

„ოლიმპიური მარათონის მოგების შემდეგ, აქ გამარჯვებას არ ველოდი. ვარჯიშებზე თავი არ დამიზოგავს. ძალიან ბედნიერი ვარ“, - განაცხადა ჯეპჩირჩირმა, ვისაც ტოკიოს ოლიმპიადაზე გამარჯვების შემდეგ, ნიუ იორკისთვის მოსამზადებლად მხოლოდ 13 კვირა ჰქონდა.

მეოთხე ადგილს დასჯერდა ამერიკელი მოლი ზაიდელი, ვინც ტოკიოს ოლიმპიადის მარათონზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ფინიშის შემდეგ მან განაცხადა, რომ ერთი თვის წინათ დაეცა და ორი ნეკნი მოიტეხა. ამის გამო, ის ნიუ იორკის მარათონიდან მოხსნასაც კი ფიქრობდა. თუმცა ასე არ მოიქცა და ფაქტობრივად მოუმზადებელმა, მეოთხე ადგილი დაიკავა.

რაც შეეხება კორირს, 2019 წლის მარათონზე (ნიუ იორკში) ის მეორე უსწრაფესი იყო. შუა გზაზე, ის ლიდერთა მცირე ჯგუფთან 52 წამს აგებდა, მაგრამ 35-კილომეტრიან ნიშნულთან, თავად იყო ლიდერი და უახლოეს მდევარს 17 წამს უგებდა. საბოლოოდ, ფინიშს ორ საათში, 08 წუთსა და 22 წამში მიაღწია. მას 44 წამით ჩამორჩა მოროკოელი მოჰამედ ელ აარაბი, ვინც მეორე ადგილი დაიკავა. მესამეზე კი იტალიელი ეიობ ფანიელი გავიდა.

0.115811