ფეხბურთი

19:00 | 8.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

რობერტო მანჩინი: "კიელინი და ბონუჩი კარგად არიან, პელეგრინი და ძანიოლო - არა"

იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ ტრავმირებული ფეხბურთელების შესახებ ისაუბრა. როგორც მან განაცხადა, „რომას“ ნახევარმცველები ნიკოლო ძანიოლო და ლორენცო პელეგრინი შეკრებას დატოვებენ, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი კი, კარგად არიან.

აღსანიშნავია, რომ მანჩინიმ ტრავმირებული ფეხბურთელების ნაცვლად ორი ცვლილება უკვე დააანონსა და „ლაციოს“ ნახევარმცველი დანილო კატალდი გამოიძახა, მეორე ფეხბურთელის ვინაობა კი ჯერ უცნობია, მაგრამ ის სავარაუდოდ მატეო პესინა იქნება.

„ძანიოლო და პელეგრინი კარგად არ არიან და სახლში დაბრუნდებიან, ძანიოლოს ერთი მატჩის თამაში შეუძლია, მაგრამ არ გვინდა გავრისკოთ. ორივეს შევცვლით სხვა ნახევარმცველებით. ბარელას სიტუაცია უნდა შეფასდეს, ვფიქრობ, სერიოზული არაფერია, მაგრამ ვნახოთ. სხვები კარგად არიან. პესინა? არ გამოვიძახეთ, რადგან ტრავმის შემდეგ მზად არ იყო, მაგრამ ახლა მისი მდგომარეობაც შეფასდება. კიელინი და ბონუჩი კარგად არიან, დღეს და ხვალ ივარჯიშებენ, ალბათ პრობლემა არ იქნება“, - თქვა მანჩინიმ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ნაკრებს წინ გადამწყვეტი მატჩები ელის. „სკუადრა აძურა“ ჯგუფში 14 ქულით ლიდერობას შვეიცარიასთან ერთად იყოფს, რომელსაც 12 ნოემბერს რომში უმასპინძლებს და მარცხის შემთხვევაში პირველ ადგილზე გასვლის შანსს დაკარგავს და მუნდიალის საგზურისთვის ბრძოლა პლეი-ოფში მოუწევს. გარდა ამისა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი 15 ნოემბერს, სტუმრად ჩრდილოეთ ირლანდიას შეხვდება.

0.127894