კატალონიის „ბარსელონაში“ ჩავი ოფიციალურად წარადგინეს. ესპანელი სპეციალისტის პრეზენტაცია „კამპ ნოუს“ სტადიონზე გაიმართა და მან კომენტარიც გააკეთა.
„ვგრძნობ, რომ მზად ვარ აქ მუშაობისთვის. ჩემი დაბრუნება სწრაფად მოხდა, ცხოვრება 3-4 დღეში შეიცვალა. სიცოცხლესაც დავთმობ იმისთვის, რომ კარგად ვიმუშაო. ამ გუნდს აქვს ნიჭი და ვეცდები, ფეხბურთელებს ჩემი გამოცდილება გადავცე, რათა თასები მოვიგოთ. გამოწვევები მომწონს და მზად ვარ. მადლობელი ვარ გულშემატკივრების სიყვარულისთვის, იმედი მაქვს, ტიტულებით გადავუხდი. „ბარსელონამ“ არ უნდა ითამაშოს ფრეზე, ჩვენთვის წაგება არ შეიძლება, მხოლოდ მოგებაზე უნდა ვითამაშოთ. ჩემი სათამაშო იდეა უცვლელია - ბურთის ფლობა და საგოლე მომენტების შექმნა. რა თქმა უნდა, ახლა კლუბის ისტორიაში საუკეთესო პერიოდი არ არის, მაგრამ ვეცდებით, შრომით ყველაფერი შევცვალოთ.
მესიმ მესიჯი გამომიგზავნა და წარმატებები მისურვა. ის წარმოუდგენელი ფეხბურთელია, მაგრამ აღარ არის გუნდში, როგორც ეტო’ო ან რონალდინიო. ჩვენ მომავალზე უნდა ვიფიქროთ და არა იმ ფეხბურთელებზე, რომლებიც „ბარსელონაში“ აღარ თამაშობენ.
დემბელე საოცარი პოტენციალის ფეხბურთელია და შეუძლია მსოფლიოში საუკეთესო გახდეს. ჩვენ მას უნდა დავეხმაროთ და რა თქმა უნდა, მასთან კონტრაქტის განახლება ჩვენთვის პრიორიტეტია. ყველა მწვრთნელისგან, რომელიც მყოლია, რაღაც ვისწავლე. ზოგჯერ მათი სიტყვები მახსენდება და ძალიან გამიმართლა, რადგან მათგან დიდი გამოცდილება მივიღე.
რატომ არ დავბრუნდი აქამდე? პირველად ვფიქრობდი, რომ მზად არ ვიყავი, ხოლო მეორე არჩევნების შუალედურ პერიოდში შესაბამისი დრო არ იყო. ლაპორტასთან კარგი ურთიერთობა მაქვს, ვფიქრობ, ის კლუბის ისტორიაში საუკეთესო პრეზიდენტია“, - თქვა ჩავიმ.
შეგახსენებთ, ჩავიმ სამწვრთნელო კარიერა 2019 წელს „ალ-სადში“ დაიწყო და ამ გუნდის გარდა, არსად უმუშავია. „ბარსელონაში“ მისი დებიუტი 20 ნოემბერს, „ესპანიოლთან“ დერბიში შედგება. ჩავიმ "ბარსელონასთან" კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა.