ავტოსპორტი

23:30 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონი: ტიტულს სამართლიან პაექრობაში მოვიგებ, ან წავაგებ

ლუის ჰამილტონი გვპირდება, რომ მაქს ფერსტაპენთან ტიტულისთვის ბრძოლაში, მოიგებს ან წააგებს სამართლიანად. ამით მან სიტყვიერად გააქარწყლა იმის მოლოდინი, რომ მათი პაექრობა შეჯახებით დასრულდება.

სეზონის დასრულებამდე ხუთი ეტაპით ადრე, მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ფერსტაპენს 12 ქულით ჩამორჩება. ამ უქმეებზე რბოლას მექსიკა უმასპინძლებს, სადაც „რედ ბულის“ პილოტს, უპირატესობის გაზრდის რეალური შანსი ექნება, რადგან ეს ტრასა „ხარების“ მანქანას უკეთ ესადაგება.

36 წლის ჰამილტონს და 24 წლის ფერსტაპენს უკვე ორჯერ ჰქონდათ შეჯახება და „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ფიქრობს, რომ სეზონის ბოლოს, ერთი შეჯახებაც მოსალოდნელია. ვოლფი 1989 და 1990 წლებს გვახსენებს, როცა აირტონ სენას და ალენ პროსტს შორის საჩემპიონო დავა, ორჯერ ავარიით გადაწყდა. დავამატებთ, რომ 1996 წელს მიხაელ შუმახერსა და დეიმონ ჰილს, 1997 წელს კი შუმახერსა და ჟაკ ვილნევს შორის ტიტულისთვის ბრძოლაც ავარიებით დასრულდა.

„თუ მოვლენები იმ სცენარით წარიმართა, რომ ტიტულის ბედს აბუ დაბის რბოლა წყვეტს, ისინი ერთმანეთს დაეჯახებიან. და ვინც წინ იქნება, შეჯახებითაც ის იქნება დაინტერესებული, როგორც სენა-პროსტის წლებში ხდებოდა. როდესაც ჩემპიონობისთვის იბრძვი და ხედავ, რომ ტიტულს ხელიდან უშვებ, რადგან შენი მეტოქე გასწრებს, რა დაგრჩენია გარდა იმისა, რომ მას გასწრების საშუალება არ მისცე? ასეთი რამ შუმახერის და ვილნევის პაექრობისას ვნახეთ, უფრო ადრე კი იყო სენას და პროსტის შეჯახებები“, - განაცხადა ვოლფმა.

მაგრამ ჰამილტონი, ვის ანგარიშზეც უკვე შვიდი ტიტულია (მათგან ექვსი მერსედესთან ერთად მოიგო), ამის წინააღმდეგია და ამბობს, რომ საქმეს ასე არ აკეთებს: „ჩემპიონატი ამგვარად არასდროს მომიგია. და ასე არასდროს მოვიქცევი. აქ იმისთვის ვარ, რომ სამართლიან ბრძოლაში გავიმარჯვო. და მზად ვარ იმისთვის, რომ თავი არ დავზოგო. და თუ წავაგებ, ესეც სამართლიან ბრძოლაში მოხდება“.

ფერსტაპენიც, ვისაც ამ სეზონში უკვე რვა მოგება აქვს (ჰამილტონმა ხუთი მოიგო), ამბობს, რომ თავს არ დაზოგავს და რომ ის ყოველთვის ცდილობს, სუფთად იასპარეზოს: „წინა წლების ისტორიულ ბრძოლებზე ბევრს არ ვფიქრობ. ეს წარსულში იყო. მე მხოლოდ იმაზე ვარ ფოკუსირებული, რასაც ვაკეთებ. და რა თქმა უნდა, ჩემი მიზანი ყოველთვის გამარჯვებაა“.

0.114586