ძიუდო

17:47 | 5.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯაბა პაპინაშვილმა ბაქოს გრანდ სლემზე ოქროს მედალი მოიპოვა (+VIDEO)

ბაქოს გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების აქტივში პირველი ოქროს მედალია, რომელსაც 23 წლის ჯაბა პაპინაშვილი დაეუფლა. პირველ საშეჯიბრო დღეს ტატამიზე სამი ქართველი გავიდა და მედალი მხოლოდ პაპინაშვილმა მოიპოვა, რომელმაც ფინალში რუს ალბერ ოგუზოვს აჯობა.

პაპინაშვილმა 60 კგ წონით კატეგორიაში პირველ წრეში უკრაინელ კირილ სამოტუგს იპონით მოუგო, ისევე როგორც შემდეგ წრეში აზერბაიჯანელ ბალაბაი აღაიევს, ნახევარფინალში კი მონღოლი სუმიაბაზარ ენხტაივანი ვაზარით დაამარცხა და ფინალში რუს ალბერ ოგუზოვს გაეჯიბრა, რომელსაც ვაზარით სძლია და ოქროს მედალი დაისაკუთრა.

66 კგ წონით კატეგორიაში ორი ქართველი გამოვიდა. ტოკიოს ოლიმპიადის ვერცხლის პრიზიორ ვაჟა მარგველაშვილისთვის ოლიმპიური თამაშების შემდეგ პირველი შეჯიბრება წარუმატებელი გამოდგა. ვაჟა პირველი წრისგან თავისუფალი იყო, მეორე წრეში კი იაპონელ იუჯი აიდასთან იპონით დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა. ამავე წონაში ბრინჯაოს შანსი ჰქონდა ბაგრატ ნინიაშვილს, რომელმაც აზერბაიჯანელი ისმაილ იბრაჰიმოვი ვაზარით დაამარცხა, მეოთხედფინალში კი თავად წააგო ვაზარით მოლდოველ დენის ვიერუსთან. ნინიაშვილი რეპეშაჟში გავიდა, სადაც რუს იაბუკ შალიმოვთან წააგო და ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.

ბაქოს გრანდ სლემზე 6-7 ნოემბერს კიდევ 7 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს: ჯუმბერ მელაძე (73 კგ), გიგა გიგაური (81 კგ), თორნიკე ფოლადაშვილი (81 კგ), ლუკა მაისურაძე (90 კგ), ბექა ღვინიაშვილი (90 კგ), ონისე სანებლიძე (100 კგ) და მიხეილ ჯაფარიძე (100 კგ).

0.118324