„დორტმუნდის“ მცველმა მატს ჰუმელსმა „აიაქსთან“ მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ მსაჯმა დაუმსახურებულად გააძევა. გამოცდილმა გერმანელმა ფეხბურთელმა „აიაქსის“ შემტევი, ანტონიც გააკრიტიკა.
„წარმოდგენა არ მაქვს, როგორ შეეძლო წითელი ბარათის მოცემა. მსაჯმა ბარათი რომ მიჩვენა, არც კი დავიჯერე. ეს სრულიად აბსურდული გადაწყვეტილება იყო. მოწინააღმდეგის მხრიდან სიმულაცია არ უნდა ყოფილიყო იგნორირებული მსაჯისა და VAR-ის მხრიდან. ეს უაღრესად არასპორტული საქციელი იყო, ერთგვარი ფარსი. ანტონი სუპერფეხბურთელია, მაგრამ მან უნდა ისწავლოს სპორტსმენობა და სპორტულად მოქცევა“, - თქვა ჰუმელსმა.
შეგახსენებთ, მატს ჰუმელსი მსაჯმა 29-ე წუთზე გააძევა, ხოლო შეხვედრა „აიაქსმა“ 3:1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.