კალათბურთი

10:44 | 4.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძემ მიმდინარე სეზონში საუკეთესო შედეგი დააფიქსირა - "პეისერსმა" მოიგო! (+VIDEO)

„ინდიანა პეისერსმა“ ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში მე-9 შეხვედრა ჩაატარა და ზედიზედ მეორე გამარჯვება მოიპოვა. რიკ კარლაილის გუნდმა სეზონი ძალიან ცუდად დაიწყო, თუმცა, ახლა ფორმაში შესვლას ცდილობს.

„პეისერსი“ შინ „ნიუ იორკ ნიქსს“ შეხვდა და თამაში შესანიშნავად დაიწყო. მათ პირველივე პერიოდში 14-ქულიანი სხვაობით 36:22 მოიგეს, შესვენებაზე კი 59:50 ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ტაიმის დასაწყისში ტომ ტიბოდოს გუნდმა კიდევ 4 ქულა გაქვითა, თუმცა ბოლო პერიოდი „ინდიანამ 31:23 მოიგო და საბოლოო შედეგი 111:98 დააფიქსირა.

აღნიშნულ შეხვედრაში არასრული 10 წუთი ითამაშა გოგა ბითაძემ. ქართველმა ცენტრმა ხსენებულ დროში 8 ქულა, 3 მოხსნა და 2 ჩაჭრა მიითვალა. 22 წლის კალათბურთელმა 5-დან 3 სროლა გამოიყენა. მან 4-დან 2 სამქულიანი და 1-დან ერთი ორქულიანი ჩააგდო, რომელიც მას შემდეგ მიითვალა, რაც დერეკ როუზს ბურთი წაართვა, შეტევაში გადავიდა და თავად დაასრულა. ჩვენებურისთვის მიმდინარე სეზონში 8 ქულა საუკეთესო შედეგია, აღსანიშნავია ისიც, რომ ბითაძეს თამაშში ბურთი არ დაუკარგავს და 2-ჯერ დაჯარიმდა. გოგას +- მაჩვენებელი (-1) ჰქონდა.

ყველაზე შედეგიანი ასევე „ინდიანას“ ცენტრი მაილს ტერნერი იყო. 25 წლის ამერიკელმა 28:55 წუთში 25 ქულით, 13 მოხსნითა და 2 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. კარის ლევერტმა კი 21 ქულასთან ერთად 2 მოხსნა და 5 შედეგიანი გადაცემა გამოიმუშავა. ამ უკანასკნელს მარგი ქმედების კოეფიციენტი, ყველაზე მაღალი +18 ჰქონდა.

დამარცხებულთა რიგებში ერ ჯეი ბარეტი გამოირჩა, რომელმაც საკუთარ გუნდს 23 ქულასთან ერთად 5 მოხსნა და 3 პასი მოუტანა, თუმცა, ეს მოსაგებად საკმარისი არ გამოდგა. „ნიქსის“ რიგებში კი ერთადერთი ორმაგი დუბლი - 18 ქულით, 14 მოხსნითა და 3 პასით ჟულიუს რენდლიმ დააფიქსირა.

„ინდიანა პეისერსს“ 3 მოგების წილ 6 მარცხი აქვს და აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-13 ადგილზე იმყოფება. ბითაძის გუნდი მომდევნო შეხვედრას 6 ნოემბერს, სტუმრად „პორტლენდთან“ ჩაატარებს. რაც შეეხება „ნიქსს“, 5 მოგებითა და 3 მარცხით მე-5 ადგილზი უჭირავს და 6 ნოემბერს სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსს“ შეხვდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 33
250 x 210
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.116241