კალათბურთი

12:02 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლებრონის მორიგი გაბრწყინება, "დონჩიჩმა" "დალასს" ვერ უშველა - ყველაფერი NBA-ს მატჩებზე (+VIDEO)
კრის პოლის ბრწყინვალე შედეგი და მესამე ადგილი საუკეთესო მეპასეებში!

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გამთენიას 5 შეხვედრა გაიმართა. მცირე ჩავარდნის შემდეგ ფორმაში დაბრუნდა „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“. ფრენკ ვოგელის გუნდმა ზედიზედ მესამე შეხვედრა მოიგო, ამჯერად კი შინ „ჰიუსტონ როკეტსს“ 2-ქულიანი სხვაობით 119:117 აჯობა, რომელმაც ზედიზედ მე-5 მარცხი განიცადა.

შეხვედრა „ჰიუსტონის“ მცირედი უპირატესობით დაიწყო და პირველი ორი პერიოდი გუნდებმა ერთნაირი ანგარიშით - 32:35, 32:35 ითამაშეს. თუმცა, მეორე ტაიმში ლებრონ ჯეიმსმა და კამპანიამ ჯერ 4 ქულა გაქვითეს, ხოლო დასკვნით მეოთხედში 32:28 მოიგეს და სეზონში მე-5 გამარჯვება მიითვალეს.

ყველაზე შედეგიანი ლებრონ ჯეიმსი იყო, 36 წლის ამერიკელმა ფორვარდმა პარკეტზე 36:16 წუთი გაატარა, რა დროშიც 30 ქულა, 4 მოხსნა და 10 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. აღსანიშნავია ისიც, რომ პირველი სამი ყველაზე მაღალი შედეგი სწორედ „ლეიკერსის“ კალათბურთელებს ჰქონდათ.

ლებრონის გარდა, ენტონი დევისი 27 ქულით, 9 მოხსნითა და 3 პასით, ხოლო რასელ ვესტბრიუკი ასევე 27 ქულით, 9 მოხსნითა და 7 პასით გამოირჩა.

დამარცხებულთა გუნდიდან კი ყველაზე შედეგიანი კრისტიან ვუდი იყო. 26 წლის ფორვარდმა 26 ქულას, 16 მოხსნასა და 3 პასს მოუყარა თავი, ხოლო ჯეილენ გრინს 24 ქულასთან ერთად 2 მოხსნა და 5 პას ჰქონდა.

ამრიგად, „ლეიკერსს“ 5 მოგების საპირისპიროდ 3 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-3 პოზიციაზე იმყოფება. ფრენკ ვოგელის გუნდი მომდევნო შეხვედრას 5 ნოემბერს, „ოკლაჰომასთან“ ჩაატარებს. „ჰიუსტონს“ 6 მარცხის წილ მხოლოდ 1 მოგება აქვს და მე-13 ადგილზეა. სტივენ საილას გუნდი 5 ნოემბერს „ფინიქს სანსს“ შეხვდება.

„დალას მავერიქსი“ კი შინ „მაიამი ჰიტს“ შეხვდა და 15-ქულიანი სხვაობით 110:125 დამარცხდა. ჯეისონ კიდის გუნდმა პირველი პერიოდი 30:24 მოიგო, მაგრამ, მეორე მეოთხედში 32:46 წააგო, რის შემდეგაც წინ გასვლა ვეღარ მოახერხა, რადგან „მაიამიმ“ სამივე პერიოდში იმარჯვა და ზედიზედ მე-5 გამარჯვება მოიპოვა.

მარცხის მიუხედავად საუკეთესო „დალასის“ სლოვენიელი ფორვარდი ლუკა დონჩიჩი იყო. მან საკუთარ გუნდს 33 ქულით, 3 მოხსნითა და 5 პასით ულიდერა, თუმცა, ეს საკმარისი არ გამოდგა. მეორე შედეგი კი ჯელენ ბრანსონს ჰქონდა, რომელმაც თავი 25 ქულით, 7 მოხსნითა და 3 პასით გამოიჩინა.

„მაიამიდან“ საუკეთესო ტაილორ ჰერო იყო. 21 წლის გამთამაშებელმა 25 ქულა, 3 პასი და 4 მოხსნა გაახერხა, ხოლო ჯიმი ბატლერს 23 ქულა, 6 მოხსნა, ამდენივე შედეგიანი გადაცემა და 1 დაფარება ჰქონდა. ერთადერთი ორმაგი დუბლი ბამ ადებაიომ მიითვალა (22 ქულა, 13 მოხსნა, 1 პასი, 2 დაფარება).

„დალასი“ 4 მოგებითა და 3 მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-6 ადგილზეა. მომდევნო მატჩს კი 4 ნოემბერს „სან ანტონიო სპურსთან“ სტუმრად ჩაატარებს. „მაიამი ჰიტი“ 6 მოგებითა და მხოლოდ 1 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციას ლიდერობს. ერიკ სპოელსტრას გუნდი 5 ნოემბერს, „ბოსტონ სელტიკსს“ შეხვდება.

შესანიშნავ სეზონს ატარებს „იუტა ჯაზი“. დასავლეთ კონფერენციის ლიდერი გუნდი შინ „საკრამენტო კინგსს“ შეხვდა და 119:113 იმარჯვა. შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, მაგრამ ქვინ სნეიდერის გუნდმა 3 პერიოდი მოიგო და საბოლოო გამარჯვებაც იზეიმა.

გამარჯვებულთა გუნდში „დონოვან მიტჩელმა 36 ქულა, 8 მოხსნა და 6 პასი, ხოლო მაიკ კონლიმ 30 ქულა, 3 მოხსნა და 2 შედეგიანი პასი მიითვალა. „საკრამენტოდან" ჰარისონ ბარნსს 23 ქულა და 6 მოხსნა ჰქონდა.

„იუტა ჯაზი“ 6 მოგებით და 1 მარცხით ლიდერია, 5 ნოემბერს კი „ატლანტა ჰოუქსს“ დაუპირისპირდება. რაც შეეხება „საკრამენტოს“, ლუკ უილტონის გუნდს, 3 მოგების წილ 4 მარცხით მე-10 ადგილი უჭირავს და 4 ნოემბერს, შინ, „ნიუ ორლეანსს“ შეხვდება.

ზედიზედ მეორე შეხვედრა მოიგო ვიცე ჩემპიონმა „ფინიქს სანსმა“. მონტი უილიამსის გუნდმა „ნიუ ორლეანსს“ 12-ქულიანი სხვაობით 112:100 აჯობა, რომელმაც თავის მხრივ მიჯრით მე-6 მარცხი განიცადა.

აღსანიშნავია, რომ „სანსმა“ პირველი პერიოდი 22:36 დათმო, თუმცა, შემდეგ სამივე პერიოდში იმარჯვა, გამარჯვებას კი დასკვნით 12-წუთეულში დაეუფლა, რომელიც 36:18 მოიგო.

მარცხის მიუხედავად, საუკეთესო იონას ვალანჩუნასი იყო. ლიეტუველმა ცენტრმა 35:51 წუთში 23 ქულით, 14 მოხსნითა და 2 პასით ორმაგი დუბლი მიითვალა. „ფინიქსიდან“ მიკალ ბრიჯისს 22 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი, ხოლო ჯევაილ მაკგის 18 ქულა და 5 მოხსნა ჰქონდა.

ცალკე აღნიშვნას იმსახურებს კრის პოლის გასაოცარი თამაში. 36 წლის გამთამაშებელმა 36:04 წუთში 14 ქულა, 7 მოხსნა და 18(!) შედეგიანი გადაცემა გააკეთა. კრისმა 14-ქულიდან 12 ბოლო პერიოდში ჩააგდო და საკუთარი გუნდი აუტსაიდერთან სამარცხვინო მარცხისგან იხსნა.

ამერიკელ კალათბურთელს საერთო ჯამში 10 346 ასისტი დაუგროვდა და ყველა დროის მეპასეთა რეიტინგში მე-3 ადგილზე აღზევდა. მას მხოლოდ ჯონ სტოკტონი (15 806) და ჯეისონ კიდსი (12 091) უსწრებს.

„სანსი“ 3 მოგებითა და ამდენივე მარცხით დასავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, 5 ნოემბერს კი „ჰიუსტონ როკეტსს“ შეხვდება. „ნიუ ორლეანსი“ კი 1 გამარჯვებითა და 7 წაგებით მე-14 პოზიციაზეა, ხოლო მომდევნო შეხვედრას „საკრამენტო კინგსთან“ გამართავს.

0.140433