ფეხბურთი

10:50 | 3.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

დიბალამ პლატინის გადაასწრო და ლეგენდარულ ფრანგს პატივი მიაგო

„იუვენტუსის“ თავდამსხმელმა პაულო დიბალამ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტთან“ დუბლი შეასრულა და პირველი გოლი ლეგენდარული მიშელ პლატინის სტილში აღნიშნა.

არგენტინელმა ფეხბურთელმა „იუვეში“ გატანილი გოლების რაოდენობით ფრანგს გადაუსწრო და ჟესტიც ამას უკავშირდებოდა. როგორც მატჩის შემდეგ დიბალამ აღნიშნა, იგივეს გაკეთება „ინტერის“ კარში გატანილი გოლის შემდეგ უნდოდა, როცა „ლე როის“ დაეწია, მაგრამ მაშინ ამისთვის შესაფერისი დრო არ იყო, რადგან ბოლო წუთებში ანგარიში გაათანაბრა.

„პლატინი ჩემთვის კუმირია. მინდოდა გოლი ასე „ინტერთან“ მეზეიმა, მაგრამ ამისთვის შესაფერისი მომენტი იმ დროს თამაშიდან გამომდინარე არ იყო. ახლა კი ამის შანსი მომეცა და მას პატივი მივაგე, იმედი მაქვს, ჩემს ჟესტს ნახავს“, - თქვა პაულომ.

დიბალას „იუვენტუსის“ მაისურით 264 თამაშში 106 გოლი დაუგროვდა, ხოლო პლატინიმ 104 გოლი 224 შეხვედრაში გაიტანა. პლატინი 1985 წელს, საკონინენტთაშორისო თასის ფინალში „არხენტინოს ხუნიორსთან“ გოლის შემდეგ, რომელიც მას არ ჩაუთვალეს, მოედანზე დაწვა და ეს კადრი საქვეყნოდაა ცნობილი - დიბალამაც გოლი ზუსტად ამ სტილში აღნიშნა.

0.115639