კატალონიის „ბარსელონას“ ფეხბურთელი სერხიო აგუერო სამი თვის განმავლობაში მოედანზე ვერ გავა. ინფორმაცია ესპანური კლუბის ვებგვერდმა გაავრცელა.
33 წლის ფეხბურთელა დიაგნოსტიკური და თერაპიული პროცედურა გაიარა. მომდევნო სამი თვის განმავლობაში შეფასდება მკურნალობის ეფექტურობა და ჯანმრთელობის მდგომარეობის აღდგენის პროცესი. ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ თავს კარგად გრძნობს: „კარგად ვარ. მინდა ყველას მადლობა გადაგიხადოთ მხარდაჭერისა და ამდენი მესიჯებისთვის, რომელიც ჩემს გულს უფრო აძლიერებს“.
აგუერომ „ალავესთან“ შეხვედრაში გულმკერდის არეში დისკომფორტი იგრძნო და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მას გულის არითმია დაუდგინდა, რაც გულის არარიტმულ (სწრაფ ან ნელ) მუშაობას გულისხმობს.
შეგახსენებთ, „ბარსელონამ“ სერხიო აგუერო ზაფხულში დაიმატა და სეზონის სტარტზე ის გუნდს ტრავმის გამო ვერ ეხმარებოდა. „ბლაუგრანას“ მაისურით არგენტინელმა 5 შეხვედრაში 1 გოლის გატანა შეძლო.