ჭიდაობა

0:50 | 2.11.2021 | ნანახია [] - ჯერ

23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი: ლერი აბულაძე ფინალშია, ორ მოჭიდავეს ბრინჯაოს შანსი აქვს

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში 23-წლამდე მსოფლიოს ჩემპიონატი დაიწყო და ლერი აბულაძე ფინალში იჭიდავებს. გარდა ამისა, ორ ქართველ ფალავანს ბრინჯაოს მედლის მოპოვების შანსი აქვს.

ლერი აბულაძემ 63 კგ წონით კატეგორიაში თავიდან ყაზახი ასახაუტ მუხამადიევი 5:1 დაამარცხა, შემდეგ რუსი გეორგი თიბილოვი 7:3 და ირანელი ალი რეზა ოლა ნეჯატი 7:3 დაამარცხა, რის შედეგადაც ფინალში გავიდა. ლერი გადამწყვეტ შეხვედრაში თურქ აჰმეთ უიარს შეხვდება.

84 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს თემურ ჭკუასელიძე, რომელმაც სომეხ გევორქ ტადევოსიანს 8:0 მოუგო, მერე ბულგარელი სვატოსლავ ნიკოლოვი 10:1 და თურქი მუჰუტდინ სარიჩიჩეკი 8:5 დაამარცხა, ნახევარფინალში კი თავად წააგო რუს ალექსანდრ კომაროვთან ბოლო ქულის წესით (7:7). ბრინჯაოს მედლისთვის მისი მეტოქე ხვალ გაირკვევა.

77 კგ წონით კატეგორიაში ბრინჯაოს მედლის შანსი აქვს ნიკოლოზ ჭიკაიძეს, რომელმაც საწყის წრეში ტუნისელ ლამიედ მააფის 8:5 მოუგო, მერე ირანელ ამინ იავარ კავინინეჯადთან 0:6 დამარცხდა, რომელიც ფინალში გავიდა და ჩვენებური რეპეშაჟში გაიყოლა, რომლის პირველ წრეში ალბანელ არდიტ ნდოის გაეჯიბრება.

55 კგ წონით კატეგორიაში გიორგი თოხაძემ სომხეთის წარმომადგენელ აშოტ მხითარიანს 8:0 მოუგო, მეოთხედფინალში კი ამერიკელ ტეილორ ლა მონტთან 3:6 წააგო. თავის მხრივ ამერიკელი ფინალში ვერ გავიდა და ქართველი ასპარეზობას გამოეთიშა.

130 კგ წონით კატეგორიაში პირველივე ბრძოლაში გერმანელ ფრანც რიხტერთან 1:6 დამარცხდა გიორგი ცოფურაშვილი და ასპარეზობას გამოეთიშა, რადგან მისი მეტოქე მომდევნო წრეში ვერაფერს გახდა და ქართველმა რეპეშაჟის შანსი დაკარგა.

აქვე გეტყვით, რომ სამშაბათს მედლების გათამაშების გარდა, ასპარეზობაში დარჩენილი ხუთი წონითი კატეგორიის მოჭიდავეებიც ჩაერთვებიან.

0.160788