„იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ზენიტთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა მისი გუნდის წარუმატებელ შედეგებზეც ისაუბრა და თქვა, რომ რასაც თვენახევარი აშენებდნენ, ხუთ დღეში დაანგრიეს („სასუოლოსთან“ და „ვერონასთან“ მარცხით).
ხვალ სეზონის პირველი მიზანის შესრულება შეგვიძლია. მშვენიერი იქნება პლეი-ოფში გასვლა ორი ტურით ადრე. ეს მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მეტი კონცენტრაცია ჩემპიონატზე მოვახდინოთ.
დე ლიხტი და კიეზა კარგად არიან. კინი, დე შილიო და რემზი ვერ ითამაშებენ. დანარჩენები ჩემს განკარგულებაში არიან და ხვალ დილით გადავწყვეტ ვინ ითამაშებს. არტური და ლოკატელი? ამდენი თამაშის შემდეგ რთულია გყავდეს მდგრადი წყვილი, რომლებიც მუდმივად ითამაშებენ. ყველანი გაბრაზებულები ვართ და ვწუხვართ, რომ 5 დღეში დავანრგიეთ ის, რასაც თვენახევარი ვაშენებდით. ამან უნდა დაგვაფიქროს და მუშაობაა საჭირო. 15 გაშვებული გოლიდან 11 გავუშვით ექვს ისეთ მეტოქესთან, რომლებიც პატივისცემის მიუხედავად, მეათე-მეოცე ადგილებისთვის თამაშობენ.
3-მცველიანი სქემა? დარწმუნებული რომ ვიყო, სამკაციან დაცვაზე გადასვლით გოლს არ გავუშვებთ, 7 მცველსაც დავაყენებდი. საქმე ამაში არაა, მაგრამ თამაში ფაზებში, მათ შორის დაცვაში უნდა გაუმჯობესდეს. „ზენიტთან“ პირველ მატჩში დაცვაში კარგად არ გვითამაშია, ჩვენ მათ ხელსაყრელი შანსები მივეცით თამაშში, რომელშიც ყველაფერი მარტივი ჩანდა“, - თქვა ალეგრიმ.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსს“ „ზენიტთან“ ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ხელს აძლევს, მაგრამ სერია A-ში ძალიან ცუდად თამაშობს და 11 ტურში მხოლოდ 15 ქულა მოიპოვა, რის შემდგომაც მეცხრე ადგილზეა.