ფეხბურთი

22:21 | 29.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ანორთოსისმა" ნიკა კაჭარავას გოლით და ლორიას შესანიშნავი სეივებით მოიგო (+VIDEO)

კვიპროსის ჩემპიონატის მერვე ტურში ფამაგუსტას „ანორთოსისმა“ სტუმრად ნიქოზიის „ომონია“ დაამარცხა და გამარჯვების გოლი ნიკა კაჭარავამ გაიტანა.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და 64-ე წუთამდე ითამაშა, ხოლო 37-ე წუთზე მეტოქის კარი დალაშქრა. ნიკამ ახლო მანძილიდან დაარტყა ზუსტად და გოლი ზუსტად ერთწლიანი პაუზის შემდეგ გაიტანა. მანამდე გასული წლის ოქტომბერში, პოლონეთის ჩემპიონატში პოზნანის „ლეხის“ მაისურით ჰქონდა გატანილი.

თემურ ქეცბაიას გუნდში გიორგი ლორიამ შეუცვლელად ითამაშა, ნიკა ნინუა კი თადარიგში დარჩა. ფამაგუსტელებმა ორმატჩიანი წაგებების სერია შეწყვიტეს და ძალიან მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა. ლორიას თამაშზე ცალკე უნდა ითქვას: ქართველმა მეკარემ შესანიშნავად ითამაშა და საკუთარი გუნდი არაერთხელ იხსნა გაშვებული გოლისგან, საკმაოდ რთული დარტყმები მოიგერია. ასე რომ, გამარჯვებაში ქართველებმა დიდი წვლილი შეიტანეს.

„ანორთოსისმა“ ამ გამარჯვებით 9 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზე აღზევდა, მომდევნო შეხვედრას კი 7 ნოემბერს, შინ „პაფოსთან“ გამართავს.

0.063883