ფორმულა 1-ის მმართველი და ტექნიკური დირექტორი როს ბრაუნი ამბობს, რომ ოსტინის რბოლის წარმატების შემდეგ, ფორმულა 1-ის კალენდარში, მესამე ამერიკული ეტაპის დამატებას ემხრობა.
მთავარი მიზეზი, რომლის გამოც ბრაუნი მესამე ამერიკული რბოლაის დამატებაზე ლაპარაკობს, აშშ-ის დიდი პრიზის დასწრებაა. ოსტინის ტრეკზე სამ დღეში რბოლებს 380 000 მაყურებელი დაესწრო. აქედან, კვირის რბოლაზე 140 000 მაყურებელი მოდის.
მომავალი სეზონის კალენდარში, ორი ამერიკული რბოლაა შეტანილი - ოსტინს მაიამი დაემატა. სხვათა შორის, მიამის რბოლაზე ბილეთების გაყიდვა ახლახანს დაიწყო. როგორც ოსტინის ტრეკ „ცირკვიტ ოფ ამერიკას“ (COTA) შეფი ბობი ეპშტაინი ამბობს, უკვე განიხილება ერთი ამერიკული რბოლის ლას ვეგასში ჩატარება.
სხვათა შორის, ლას ვეგასს ფ1-ის რბოლისთვის უკვე უმასპინძლია. ეს 1982 წელს მოხდა, როცა კალენდარში ასევე სამი ამერიკული რბოლა შედიოდა. თუმცა მაშინ ფორმულა 1-მა ამერიკაში ფეხი ვერ მოიკიდა და მალე ეს ქვეყანა დატოვა კიდეც.
„ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ამერიკელი ფანების რიცხვი იზრდება. ისინი იცნობენ მრბოლებს, მათ იციან ფ1-ის ნიუანსები. ეს ძალიან სასიამოვნოა და გვიჩვენებს, რომ კალენდარში ორი ამერიკული რბოლის შეტანა სწორი ნაბიჯი იყო. და შესაძლოა, მეტიც შევიტანოთ, რადგან ამ უქმეებზე ამერიკის დიდი ინტერესი დავინახეთ“, - ამბობს ბრაუნი.