კალათბურთი

12:34 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

NBA: "ლეიკერსის" მეორე გამარჯვება და კიდევ ერთი ლიდერის გამოკლების საშიშროება (+VIDEO)

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს დილით 5 შეხვედრა გაიმართა. მათ შორის ყველაზე საინტერესო „სან ანტონიო სპურსისა“ და „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ დაპირისპირება გამოდგა, რომლის გამარჯვებულის ბედიც ოვერტაიმმა გამოავლინა.

ფრენკ ვოგელის გუნდს ლებრონ ჯეიმსის გარეშე მოუწია თამაში, თუმცა, ლიდერობა საკუთარ თავზე ენტონი დევისმა და რასელ ვესტბრუკმა აიღეს, რომლითაც გუნდს მეორე გამარჯვება მოაპოვებინეს.

უშუალოდ შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველი პერიოდი პოპოვიჩის გუნდმა (29:27) ორი ქულით მოიგო. „ლეიკერსმა“ შესვენებამდე 1 ქულა გაქვითა და პირველი ტაიმი 62:61 დასრულდა.

„სან ანტონიომ“ მესამე 12-წუთეული შესანიშნავად ჩაატარა, რომელიც 35:24 მოიგო და თითქოს გამარჯვებასაც აპირებდა, თუმცა, ენტონი დევისმა და კამპანიამ ბოლო მეოთხედში 12-ქულა ამოქაჩეს და საფინალო სირენამდე ანგარიში 114:114 გახადეს.

უნდა აღინიშნოს, რომ დევისმა ბოლო პერიოდში მუხლის ტრავმა მიიღო, მაგრამ, თამაში მაინც გააგრძელა. ჯერჯერობით უცნობია, თუ რა სიმძიმისაა დაზიანება და გამოაკლდება, თუ არა "ლეიკერსს" მთავარი ძალა ლებრონის არყოფნაში. დამატებით დროში ვოგელის გუნდმა 11:7 მოიგო და NBA-ს მე-4 ტურში მნიშვნელოვანი, მეორე გამარჯვება მოიპოვა. „სან ანტონიოს“ კი აქამდე მხოლოდ 1 მოგება აქვს.

უშუალოდ შედეგიანობის მხრივ შთამბეჭდავი შეხვედრა ჩაატარა ენტონი დევისმა. 28 წლის ფორვარდმა პარკეტზე 42:23 წუთი გაატარა, რა დროშიც 35 ქულით, 17 მოხსნითა და 4 პასით ორმაგი დუბლი შეასრულა.

ასევე ორმაგი დუბლი და კარგი მაჩვენებლები გამოიმუშავა რასელ ვესტბრიუკმა. ამერიკელი გამთამაშებელი საკუთარ გუნდს 33 ქულით, 10 მოხნითა და 8 შედეგიანი გადაცემით დაეხმარა. „ლეიკერსიდან“ +-31 მალიკ მონკს ჰქონდა, რომელმაც 17 ქულა, 1 მოხსნა და 3 პასი დააგროვა.

დამარცხებულთა გუნდიდან კი 2 კალათბურთელი გამოირჩა. ავსტრიელმა იაკობ პელტლიმ 27 ქულა და 14 მოხსნა, ხოლო დედჯონტე მურეიმ 21 ქულით, 12 მოხსნითა და 15 შედეგიანი გადაცემით სამმაგი დუბლი მიითვალა.

ამრიგად, „ლეიკერსს“ 2 მოგების წილ 2 მარცხი აქვს და დასავლეთ კონფერენციაში მე-7 ადგილზე იმყოფება. ლოს ანჯელესელები მომდევნო შეხვედრას 28 ოქტომბერს „ოკლაჰომასთან“ გამართავენ და ჯერჯერობით უცნობია დაეხმარება თუ არა გუნდს 2 უპირობო ლიდერი - ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი. ხოლო „სან ანტონიო“ ამავე დივიზიონში მე-12 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 29 ოქტომბერს, „დალას მავერიქსთან“ ჩაატარებს.

0.132148