სხვა

3:08 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტაისონ ფიურის მეუღლე მისი კარიერის დასრულებაზე ლაპარაკობს

მძიმე წონაში მსოფლიოს ჩემპიონ ტაისონ ფიურის მეუღლე პარისი ფიქრობს, რომ მისი ქმარი თავის სპორტულ კარიერას მალე დაასრულებს. WBC-ს საჩემპიონო სარტყელის მფლობელმასუპერ ვარსკვლავის სტატუსი მას შემდგ მოიპოვა, რაც ამერიკელ დეონტეი უაილდერს ჯერ ტიტული წაართვა, შემდეგ კი ის დაიცვა კიდეც.

მართალია, დანარჩენი პრესტიჟული ტიტულები მას არ ეკუთვნის, მაგრამ ფიური ამ ეტაპზე, მაინც მძიმე წონის საუკეთესო მოკრივედ არის მიჩნეული. ოღონდ, მას ამ სტატუსის დაცვა კიდევ მოუწევს. შესაძლო მეტოქეებად, უკრაინელი ოლეკსანდრ უსიკი, ბრიტანელი ენტონი ჯოშუა და ბრიტანელი დილიან უაითი სახელდებიან.

პარის ფიური ამბობს, რომ თუ ვინმეს მის ქმართან რამის დამტკიცება სურს, უნდა იჩქარონ, რადგან ტაისონი ორი-სამი წლის შემდეგ, თავის ხელთათმანებს ლურსმანზე დაკიდებს.

„ის ახლა 33 წლისაა. ვფიქრობ, შეიძლება 35 წლამდე დარჩეს. ვიცი, ვლადიმირ კლიჩკო 40 წლამდე აგრძელებდა. მაგრამ ვინ თქვა, რომ მანამ უნდა გააგრძელო, სანამ წააგებ? არ მინდა, ტაისონიც მსგავს სიტუაციაში ვნახო. არ მინდა, მან დიდხანს გააგრძელოს, რადგან ადრე თუ გვიან, მოვა უფრო ახალგაზრდა, თუ მეტისმეტად შორს წასვლას გადაწყვეტ... მე ვფიქრობ, ორი სამი წელი და ტაისონი თავის ხელთათმანებს დაკიდებს“, - ამბობს პარისი.

ფიური პროფესიონალი მოკრივე 2008 წელს გახდა და ერთმანეთის მიყოლებით დაამარცხა ამერიკელი სტივი კანინგემი, ზიმბაბვური წარმოშობის ბრიტანელი დერეკ ჩისორა და რუმინელ-გერმანელი კრისტიან ჰამერი, რითაც მაშინდელ ჩემპიონ ვლადიმირ კლიჩკოსთან ბრძოლის უფლება მოიპოვა.

ფიურიმ უკრაინელის 11-წლიანი ბატონობა დაასრულა, მაგრამ მალე სპორტს გამოეთიშა, რისი მიზეზიც დეპრესია, სმა და ნარკოტიკები გახდა. ფიური 2018 წელს დაბრუნდა და უაილდერის დამარცხებით (ამერიკელს მანამდე ტიტული რვაჯერ ჰქონდა დაცული), უბრძოლველად დათმობილი ტიტული დაიბრუნა.

0.127763