ავტოსპორტი

1:19 | 27.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტოტო ვოლფი: მერსედესს ხუთივე რბოლის მოგება შეუძლია

ფორმულა 1-ის მიმდინარე სეზონში, სულ ხუთი რბოლაღა არის დარჩენილი. მათზე მაქსიმუმ 133 ქულის გამომუშავებაა შესაძლებელი (ბრაზილიის სპრინტის ჩათვლით). მაქს ფერსტაპენს და ლუის ჰამილტონს მხოლოდ 12 ქულა აშორებთ და ისინი კიდევ არაერთ საინტერესო ბრძოლას გვიჩვენებენ.

არანაკლებ დაძაბული სიტუაციაა კონსტრუქტორთა ჩემპიონატში, სადაც „მერსედესი“ „რედ ბულს“ 23 ქულას უგებს. მიმომხილველები თვლიან, რომ დარჩენილი რბოლებიდან, მექსიკის, ბრაზილიის და აბუ დაბის ტრასები, უკეთ მიესადაგება „რედ ბულს“, საუდის არაბეთში და ყატარში კი ფ1-ის რბოლა პირველად ჩატარდება და არავინ იცის, მათ ტრასებს ვინ როგორ მოერგება.

თუმცა „მერსედესის“ შეფი ტოტო ვოლფი ამბობს, რომ მის გუნდს ხუთივე ტრასაზე შეუძლია გამარჯვება: „მექსიკის ტრასა ჩვენთვის იოლი არასდროს იყო, მაგრამ ამჯერად, სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს. ჩვენ ახლა ყველა რბოლას ინდივიდუალურად უნდა მივუდგეთ და საბრძოლო განწყობა შევინარჩუნოთ“.

„ვფიქრობ, ჩვენ გამარჯვებისთვის ვართ განწყობილნი. ჩვენ ყველა რბოლის მოგება შეგვიძლია. ახლა მთავარი ისაა, რომ ყველა დავამთავროთ. ერთ დაუმთავრებელ რბოლასაც კი გამანადგურებელი ეფექტი ექნება. შექმნილი სიტუაცია ყველას მოსწონს. ჩვენთვის ეს პრესინგია, მაგრამ ეს პოზიტიური პრესინგია“, - დასძენს ვოლფი.

ის იხსენებს 2018 და 2019 წლების სეზონებს, რომლებშიც „ფერარი“ ორივე ჩათვლაში ლიდერობდა, მაგრამ „მერსედესმა“ და მისმა პილოტებმა, ორივეჯერ შეძლეს გარდატეხა და ტიტულების დაუფლება.

„ეს ძალიან დაძაბული ბრძოლები იყო. ჩვენ ზედიზედ შვიდჯერ მოვიგეთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ახალი ტიტულების მოპოვება იოლი იქნება. ისტორიას და სტატისტიკას მნიშვნელობა არ აქვს. სტატისტიკა მაშინ ჩანს, როცა რაღაც მომენტში ჩერდები და უკან მოიხედავ. მაგრამ ის არავის სჭირდება. სტატისტიკით ვერ მოიგებ. ბრძოლა ჩვენ სიამოვნებას გვანიჭებს“, - ამბობს ვოლფი.

0.111645