საქართველოს 19-წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის 2022 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ფარგლებში მესამე მატჩი გამართა და მალტის ნაკრები დაამარცხა. B4 ჯგუფის შეხვედრა ქართველი ფეხბურთელების უპირატესობით წარიმართა და ლავრენტი დავითაშვილის გაწვრთნილმა გუნდმა პირველი გამარჯვება მოიპოვა.
ანგარიში 32-ე წუთზე ეთერ სულაშვილმა გახსნა, რომელსაც საგოლე გადაცემა ლიზი მწყერაშვილმა გაუკეთა. როგორც შემდეგ გაირკვა, ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა, რადგან ჯვაროსნებმა მეტოქეს მინიმალური ანგარიშით 1:0 სძლიეს.
3 ტურის შემდგომ საქართველოს გოგონათა 19-წლამდე ნაკრებს 4 ქულა აქვს და მე-3 პოზიციაზე იმყოფება. თუმცა, ჩვენებურებს მეორე ადგილზე გასვლის შანსი აქვთ. ამისთვის, დღეს გასამართ რუმინეთისა და ისრაელის ნაკრები გუნდების შეხვედრაში, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, რუმინეთმა შეხვედრა 2-ბურთიანი სხვაობით უნდა მოიგოს. ამ შემთხვევაში საქართველოს ნაკრები მეორე პოზიციაზე გადაინაცვლებს, მაგრამ, ამის მიუხედავად ჩვენ გუნდს მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მაინც არ ექნება, რადგან ჯგუფიდან მხოლოდ ერთი გუნდი გადის.
საქართველო U19: ეკა თაბაგარი; ნინო ჯგუშია, ანი ძაძუა, თამარ სვანიძე, მარიამ კაპანაძე; ელენე კახნიაშვილი, მაიკო ბებია; ლიზი მწყერაშვილი, მარიამ მოდრეკილაძე (მარი ბეგიაშვილი), ელენე ენჯიბაძე (ანა გობრონიძე); ეთერ სულაშვილი