ფეხბურთი

17:16 | 24.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ხვიჩას ეფექტური თამაში: ჯერ გოლი საეჭვო ვითარებაში არ ჩაუთვალეს, მერე მცველს ავტოგოლი გაატანინა (+VIDEO)

რუსეთის პრემიერლიგის მე-12 ტურში ყაზანის „რუბინი“ „უფას“ ესტუმრა და დაუზავდა - 1:1. ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა და საკამოდ კარგი მატჩი ჰქონდა.

„რუბინმა“ გოლი დასაწყისშივე გაუშვა, ხოლო 59-ე წუთზე გათანაბრება ქართველი შემტევის აქტიურობით მოახერხა. ხვიჩამ მარცხენა ფლანგზე კარგად ითამაშა, საჯარიმოში ჩააწოდა და იური ჟურავლევმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა, რითაც საბოლოო ანგარიში დაფიქსირდა.

აღსანიშნავია, რომ 34-ე წუთზე კვარაცხელიამ გოლიც გაიტანა, მაგრამ არ ჩაუთვალეს. თამაშგარე მდგომარეობა ანდერს დრეიერზე დაფიქსირდა, რომელმაც მას პასი გაუკეთა. დანიელი თავდამსხმელი ჰასან ჰაკსაბანოვიჩის დარტყმის მერე, რომელიც მეკარემ მოიგერია, მსაჯისა და VAR-ის აზრით თამაშგარეში იყო, მაგრამ გამეორებაზეც არ ჩანს ეს კარგად, უფრო მეტიც, თითქოს, კართან „უფას“ მცველი უფრო ახლოსაა. ასეა თუ ისე, ფაქტია, გოლი გაუქმდა.

„რუბინი“ ცუდ ფორმაშია, ბოლო 5 ტურია გამარჯვებას ვერ ახერხებს და სატურნირო ცხრილში 16 ქულით მეცხრე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 30 ოქტომბერს, შინ მოსკოვის ცსკა-ს უმასპინძლებს. კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე 12 მატჩში 1 გოლი და 1 საგოლე აქვს საკუთარ აქტივში.

0.145455