მადრიდის „ატლეტიკოს“ თავდამსხმელი ლუის სუარესი დარწმუნებულია, რომ „ოქროს ბურთი“ წელს ლიონელ მესიმ უნდა მოიგოს. ურუგვაელი ფეხბურთელის აზრით, ლეო უკონკურენტოა და ამას წლების განმავლობაში ამტკიცებს.
„ვფიქრობ, ლეო იმსახურებს „ოქროს ბურთს“, რადგან პირად დონეზე შესანიშნავი წელი ჰქონდა, მიუხედავად იმისა, რომ „ბარსელონაში“ მხოლოდ ესპანეთის თასი მოიგო. გარდა ამისა, იყო ბომბარდირი, გააკეთა საგოლე პასები და მოიგო კოპა ამერიკა, სადაც ასევე გახდა საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი. ეს ყველაფერი მის შანსს ზრდის. ჯილდოს იმსახურებს, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რამდენად რთულია ამ დონის შენარჩუნება წლიდან წლამდე. „ოქროს ბურთის“ გადაცემისას უნდა გავითვალისწინოთ არა ის, თუ რა გააკეთა წლის განმავლობაში ფეხბურთელმა, არამედ რას აკეთებდა მანამდეც. ვფიქრობ, წელს ლეო მესის „ოქროს ბურთისთვის“ ბრძოლაში კონკურენტი არ ჰყავს“, - თქვა სუარესმა.
შეგახსენებთ, France Football-ი 2021 წლის „ოქროს ბურთის“ მფლობელის ვინაობას 29 ნოემბერს დაასახელებს.