ავსტრიის სამთო კურორტ ზოლდენში, სტარტი აიღო სამთო თხილამურობაში მსოფლიო თასის სეზონმა. პირველი რბოლა ქალთა შორის გიგანტურ სლალომში ჩატარდა და ის ამერიკელი მიკაელა შიფრინის გამარჯვებით დასრულდა.
გიგანტურ სლალომში მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონი, პირველი ცდის შემდეგ 0.02 წამს აგებდა შვეიცარიელ მსოფლიო ჩემპიონ ლარა გუტ-ბერამისთან. მაგრამ მყინვარ რეტენბახის ფერდობზე, თითმის უნაკლო მეორე ცდა შეასრულა და ყველა უკან ჩამოიტოვა. გუტ-ბერამი მას 0.14 წამით ჩამორჩა და მეორე ადგილს დასჯერდა.
მესამე ადგილს დასჯერდა სლოვაკი პეტრა ვლჰოვა, ვინც გასულ სეზონში ბროლის დიდი გლობუსი მოიპოვა. პირველი ცდის შემდეგ მას მეექვსე დრო ჰქონდა, მაგრამ მეორე ცდა უკეთ შეასრულა და კვარცხლბეკის მესამე საფეხური დაიკავა. შიფრინთან მან 1.30 წამი წააგო.
იტალიელი მარტა ბასინო, ვინც გასულ სეზონში გიგანტურ სლალომში ბროლის მცირე გლობუსს დაეუფლა და იმავე სეზონის პირველი რბოლა მოიგო, პირველ ცდაზე კურსს ასცდა და შედეგი ვერ დააფიქსირა. მისი ბედი გაიარა 2020 წლის სეზონის დიდი გლობუსის მფლობელმა, იტალიელმა ფედერიკა ბრინიონემ, ვინც მეორე ცდაზე ასცდა გზას.
„სეზონის გამარჯვებით დაწყება ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ, ძალინ გახარებული ვარ. ვფიქრობ, პირველ რბოლაზე, რომელიც ძალიან ადრე იმართება ხოლმე, ბევრი გარისკვას ერიდება, ბევრი ამ რბოლას სავარჯიშოდ იყენებს. ამ ფერდობზე ყოველთვის ბოლომდე უნდა დაიხარჯო და მე დღეს თავი არ დამიზოგავს“, - განაცხადა 26 წლის ამერიკელმა, ვინც შარშან პირველი რბოლა, ტრავმის გამო გააცდინა.