კალათბურთი

11:21 | 21.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ინდიანას" დრამატული მარცხი "ჰორნეტსთან" - ბითაძე მხოლოდ განაცხადში მოხვდა (+VIDEO)

ეროვნულ საკალათბურთო ასოციაციაში დღეს 11 შეხვედრა გაიმართა. ჩვენთვის ყველაზე დიდ ინტერესს „შარლოტ ჰორნეტსისა“ და „ინდიანა პეისერსის“ მატჩი იწვევდა. თუმცა, რიკ კარლაილმა გოგა ბითაძეს NBA-ს 75-ე სეზონის გახსნით შეხვედრაში თამაშის შანსი არ მისცა.

რაც შეეხება დღევანდელ დაპირისპირებას, 2021-2022 წლების სეზონი „ინდიანამ“ მძიმე და დრამატული მარცხით დაიწყო. ისინი მეტწილად დიდ უპირატესობას ფლობდნენ, მაგრამ მესამე პერიოდი ძალიან ცუდად ითამაშეს, რამაც მეტოქე გუნდი თამაშში დატოვა.

ამ წაგებამ რიკ კარლაილის „პეისერსში“ ხელახალი დებიუტი გააფუჭა. 61 წლის სპეციალისტი „ინდიანას“ 1997-2000 წლებში როგორც ასისტენტი, ხოლო 2003-2007 წლებში წვრთნიდა, შემდეგ კი 13 სეზონი „დალას მავერიკს“ ავარჯიშებდა.

ქართველი კალათბურთელის გუნდმა პირველივე მეოთხედში დიდი უპირატესობა მოიპოვა (27:38), ტაიმის მიწურულს კი სხვაობა 16-ქულას შეადგენდა. (75:59). ჯეიმს ბორეგოს გუნდმა შესვენების შემდგომ მცირე სასწაული მოახდინა. მათ 33:13 იმარჯვეს, ჩამორჩენაც აღმოფხვრეს და მეტიც, 4-ქულით წინ გასვლა მოახერხეს. ყველაზე დაძაბული ბოლო 12-წუთეული გამოდგა. “ჰორნეტსმა“ საწყის 4 წუთში 10 ქულით წინ გასვლა მოახერხა, თუმცა, საბონისმა და დუარტემ „ინდიანა“ კვლავ წინ გაიყვანეს. საბოლოოდ ყველაფერი პი ჯეი ვაშინგტონის საჯარიმო სროლებმა გადაწყვიტა, როდესაც მისი გუნდი 122:121 მარცხდებოდა და ორივე ტყორცნა ზუსტად შეასრულა. მატჩის დასრულებამდე კი 4.6 წამი რჩებოდა. საბონისმა ორქულიანის ჩაგდება სცადა, მაგრამ ამაოდ... საბოლოო შედეგი 122:123 დაფიქსირდა.

წაგების მიუხედავად, ორივე გუნდის შემადგენლობაში საუკეთესო სწორედ დომანტას საბონისი იყო. ლიეტუველმა ფორვარდმა 39:19 წუთში 33 ქულით, 15 მოხსნითა და 2 პასით ორმაგი დუბლი გაიფორმა. გამარჯვებულთა გუნდში კი ყველაზე შედეგიანი ლამელო ბოლი გამოდგა. 20 წლის ამერიკელმა საკუთარ გუნდს 31 ქულასთან ერთად, 9 მოხსნა და 7 შედეგიანი გადაცემა მოუტანა.

საბონისის გარდა ერთადერთი ორმაგი დუბლი ასევე „პეისერსის“ კალათბურთელმა მალკომ ბროგდონმა შეასრულა. 28 წლის გამთამაშებელს 28 ქულა, 4 მოხსნა და 11 პასი ჰქონდა. ბრწყინვალე დებიუტი გამოუვიდა კრის დუარტეს. მან 27 ქულასთან ერთად, 5 მოხსნა და 1 პასიც დააგროვა.

აღსანიშნავია ისიც, რომ „ინდიანას“ ტრავმის გამო სამი კალათბურთელი: კარის ლევერტი, კელან მარტინი და თი ჯეი უორენ ვერ ეხმარებოდნენ. მეტოქე გუნდი კი ოპტიმალური შემადგენლობით იყო წარმოდგენილი.

ამრიგად, „პეისერსმა“ პირველი დასანანი მარცხი განიცადა, მომდევნო შეხვედრას გოგა ბითაძე და მისი თანაგუნდელები 23 ოქტომბერს, „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ ჩაატარებენ და იმედია ქართველ კალათბურთელს თამაშის შესაძლებლობა მიეცემა.

რაც შეეხება დანარჩენ 10 მატჩს:

„დეტროიტ პისტონსი“ – „ჩიკაგო ბულსი“ 88:94

ზაკ ლავინი (ჩიკაგო ბულსი) 34 ქულა, 7 მოხსნა 4 პასი

„ნიუ იორკ ნიქსი“ – „ბოსტონ სელტიკსი“ 138:134

ჯეილენ ბრაუნი (ბოსტონი) 46 ქულა, 9 მოხსნა 6 პასი

„ტორონტო რეპტორსი“ – „ვაშინგტონ ვიზარდსი“ 83:98

ბრედლი ბილი (ვიზარდსი) 23 ქულა, 3 მოხსნა, 4 პასი

„მემფის გრიზლი“ – „კლივლენდ კავალიერსი“ 132:121

ჯა მორანტი (მემფისი) 37 ქულა, 6 მოხსნა 6 პასი

„მინესოტა“ – „ჰიუსტონ როკეტსი“ 124:106

კარლ-ანტონი თაუნსი (მინესოტა) 30 ქულა, 10 მოხსნა, 2 პასი

„ნიუ ორლეან პელიკანსი“ – „ფილადელფია“ 97:117

ბრენდონ ინგრამი (ნიუ ორლეანი) 25 ქულა, 7 მოხსნა, 6 პასი

„სან ანტონიო სპურსი“ – „ორლანდო მეჯიქი“ 123:97

დევინ ვასელი (სან ანტონიო) 19 ქულა, 2 მოხსნა, 5 პასი

„იუტა ჯაზი“ – „ოკლაჰომა“ 107:86

ბოგდან ბოგდანოვიჩი (იუტა) 22 ქულა, 4 მოხსნა 2 პასი

„ფინიქს სანსი“ – „დენვერ ნაგეტსი“ 98-110

ნიკოლა იოკიჩი (დენვერი) 27 ქულა, 13 მოხსნა, 2 პასი

„პორტლენდი“ – „საკრამენტო კინგსი“ 121-124

ჰარისონი ბარნესი (საკრამენტო) 36 ქულა, 9 მოხსნა, 2 პასი

0.131649