ფეხბურთი

16:47 | 20.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

"თელავის" გარდამტეხი გამარჯვება წყალტუბოში

საქართველოს კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტური ორი მატჩით დაიწყო, რომლებიც სამტრედიასა და წყალტუბოში გაიმართა.

„სამგურალმა“ საკუთარ მოედანზე „თელავს“ უმასპინძლა და მარცხი განიცადა. სოსო ფრუიძის გუნდი დიდი ხანია სატურნირო მოტივაციის გარეშეა და როგორც ჩანს, ეს იმერულ გუნდს დაეტყო. „თელავმა“ კი უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა. კახურმა გუნდმა რუხაძის ერთადერთი გოლით მოიგო და 35 ქულა დააგროვა, რითაც ეროვნულ ლიგაში ადგილის შენარჩუნების საკითხი პრაქტიკულად გადაჭრა. თელაველებმა ზედიზედ მესამედ იმარჯვეს.

„სამტრედიამ“ შინ „შუქურას“ უმასპინძლა და გია ცეცაძის გუნდისთვის პრაქტიკულად ეს ბოლო შანსი იყო, რომ ბოლო ადგილისთვის თავის დასაღწევად ებრძოლა. იმერლები პირველი ტაიმის შუაწელს დაწინაურდნენ კიდეც, მაგრამ 10 წუთში გაუშვეს და მერე არაფერი შეცვლილა - 1:1.

ამრიგად, ეროვნული ლიგის სახიფათო ზონაში პრაქტიკულად ყველაფერი ნათელია. „სამტრედიას“ 17 ქულა აქვს და დიდი ალბათობით დაქვეითდება, რადგან „ტორპედოს“ და „შუქურას“, რომლებიც პლეი-აუტის ზონაში არიან, შესაბამისად 10 და 9 ქულით ჩამორჩება, სეზონის ბოლომდე კი მხოლოდ 6 ტური დარჩა. თავის მხრივ, „შუქურას“ და „ტორპედოს“ პლეი-აუტში მოუწევთ ბრძოლა, რადგან სამშვიდოს მყოფი „თელავი“ მათ 8 და 9 ქულით უსწრებს.

მიუხედავად ამისა, ჯერ ყველაფრის გადაჭრით თქმა მაინც არ შეიძლება. წინ 6 ტურის, ვნახოთ რა მოხდება, მაგრამ კონტურები აშკარად გამოკვეთილია.

„სამტრედია“ – „შუქურა“ 1:1 (1:1)

გოლები: 1:0 პრელჩეცი (23), 1:1 მუსელიანი (33)

„სამგურალი“ – „თელავი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 რუხაძე (45)

0.120122