ფეხბურთი

15:15 | 18.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: "როცა კარგად თამაშობს, რთულია დე შილიოზე უკეთესი ფეხბურთელის პოვნა"

ტურინის "იუვენტუსის" მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ "რომასთან" (1:0) მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, განსაკუთრებით კარგია, რომ "იუვემ" ზედიზედ მესამე თამაშის მოგება გოლგაუშვებლად მოახერხა. მან ასევე ისაუბრა მატია დე შილიოზე, რომელიც მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

„1:0 არ არის ჩემი საყვარელი ანგარიში, მაგრამ კარგი შედეგია. პირველ რიგში იმიტომ, რომ მესამე თამაშია გოლი არ გაგვიშვია. ვითამაშეთ „რომას“ წინააღმდეგ, რომელიც ფიზიკურად და ტექნიკურად ძლიერი გუნდია. ვთქვათ, რომ კარგად ვითამაშეთ. 3-4 ბურთი დავკარგეთ პირველ ტაიმში, რამდენიმე კონტრშეტევის შანსი მივეცით. თავიდან მეტოქე ძალიან კარგი იყო, მაგრამ ნელ-ნელა თამაში ჩვენც დავიწყეთ.

ვიცოდით, რომ ძნელი იქნებოდა, „რომამ“ ფრე დაიმსახურა, ჩვენ კი მეორე ტაიმის დასაწყისში შანსი გვქონდა, რომ თამაში დაგვეხურა. ასეთ მატჩებში ეპიზოდებს დიდი მნიშვნელობა აქვს, დღეს ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ მოხდა, როდესაც სწორი სულისკვეთებით თამაშობ, გიფასდება. თუმცა, „რომამ“ კარგი თამაში ჩაატარა, ისინი ჩემპიონატში ერთ-ერთი საუკეთესოები არიან.

დე შილიოს 10 წელია „მილანიდან“ ვიცნობ და კარიერის განმავლობაში იმის ნახევარი აჩვენა, რაც შეეძლო. ტექნიკურად, მარჯვნივ და მარცხნივ ერთნაირად თამაშობს. თუმცა, აქვს ფიზიკური და მენტალური პრობლემები, მაგრამ როცა ისე თამაშობს, როგორც დღეს, ძნელია მასზე უკეთესი ფეხბურთელის პოვნა", - თქვა ალეგრიმ.

შეგახსენებთ, "იუვენტუსმა" სერია A-ში ზედიზედ მეოთხე თამაში მოიგო, ყველა ტურნირზე კი მიჯრით - მეხუთე. ტურინული გუნდი იტალიის ჩემპიონატში 14 ქულით მეხუთე-მეშვიდე ადგილებს "ლაციოსთან" და "ნაპოლისთან" ერთად იყოფს.

0.117312