NBA-ს პრე სეზონის ბოლო მატჩში მარცხი განიცადა სანდრო მამუკელაშვილის „მილუოკი ბაქსმა“. ქართველი კალათბურთელის გუნდი „დალას მავერიკსს“ შეხვდა და 11-ქულიანი სხვაობით 103:114 წააგო.
22 წლის ფორვარდმა პარკეტზე 15:31 უთი გაატარა, რა დროშიც საკუთარ გუნდს 4 ქულა, 6 მოხსნა და 1 დაფარება შესძინა. მან 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.
მარცხის მიუხედავად, ორივე გუნდის რიგებში საუკეთესო იანის ანტეტოკუმპო იყო. ბერძენმა კალათბურთელმა 25:08 წუთში 26 ქულით, 10 მოხსნითა და 2 შედეგიანი გადაცემით ორმაგი დუბლი შეასრულა და ამ მხრივაც ერთადერთი გამოდგა.
„დალასიდან“ კი ჯეილენ ბრანსონი გამოირჩა. მან საკუთარ გუნდს 17 ქულა, 6 მოხსნა და 5 პასი მოუტანა.
ქართველის გუნდმა საგამოფენო მატჩებში 5 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 4 მარცხით, ხოლო 1 გამარჯვებით დაასრულა. NBA-ს მოქმედი ჩემპიონი პირველ ტურში „ბრუკლინ ნეტსს“ შეხვდება, მატჩი 20 ოქტომბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე დაიწყება.