ჩოგბურთი

2:43 | 16.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ონს ჟაბური - პირველი არაბი ქალი ჩოგბურთელი ტოპათეულში

ტუნისელი ონს ჟაბური მალე პირველი არაბი ქალი ჩოგბურთელი გახდება, ვინც რეიტინგის მოწინავე ათეულში შევა. მან ეს მას შემდეგ გაინაღდა, რაც ინდიან ველსის ნახევარფინალში გავიდა. უფრო მეტიც, ჟაბური ამბობს, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია.

ტუნისელ ჩოგბურთელს ამჟამად რეიტინგში მე-14 ადგილი უკავია. მიმდინარე სეზონში მას WTA-ს ერთი ტურნირი (ბირმინგემი) აქვს მოგებული და ახლახანს, ჩიკაგოში ფინალს მიაღწია. ის პირველი არაბი ჩოგბურთელია, ვინც WTA-ს ტურნირის მოგება შეძლო.

27 წლის ჩოგბურთელმა კალიფორნიული უდაბნოს ტურნირის მეოთხედფინალში, ესტონელ ანეტ კონტავეიტს 7-5, 6-3 მოუგო. ჟაბურმა შეხვედრის მსვლელობისას, 12-დან 5 ბრეიკ პოინტი ქულად აქცია. საინტერესოა, რომ ეს მიმდინარე სეზონში მისი 48-ე გამარჯვებაა. ამდენი მოგება კი ქალთა ტურზე ჯერ არავის აქვს.

„ეს ისაა, რაც ძალიან მინდოდა 16 წლის ასაკის შმდეგ. ტოპათეული დასაწყისია. ვიცი, ეს ადგილი დიდი ხანია დავიმსახურე, მას შემდეგ, რაც კარგად ავთამაშდი. ახლა კი მინდა დავამტკიცო, რომ ეს დავიმსახურე“, - ამბობს ჟაბური, ვისაც ნახევარფინალში ესპანელ პაულა ბადოსასთან უწევს თამაში.

ტუნისელი ამბობს, რომ თავისი წარმომავლობის გამო, არაერთი წინააღმდეგობა შეხვედრია. მაგალითად, სპონსორები ფინანსურ მხარდაჭერაზე უარს ეუბნებოდნენ. „მე არ მესმოდა, რატომ ხდებოდა ასე. მერე კი ბედს შევეგუე. ვამაყობ იმით, რომ ასეთი პიროვნება გავხდი. უბრალოდ, სხვებზე დამოკიდებული არ ვარ. მეტნაკლებად, ყველას რთული კარიერა აქვს. ვერ ვიტყვი, რომ ჩემი ყველაზე ძნელია. დღეს მე არ მინდა, ისეთ სპონსორზე ვიყო დამოკიდებული, ვინც ჩოგბურთზე და საერთოდ, სპორტზე არ ზრუნავს“, - დასძენს ჟაბური.

თეგებიონს ჟაბური
0.117144