ფეხბურთი

22:45 | 14.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

კვირკველია: "მეტალისტში" ყველაფერი მომწონს, მინდა საქართველოს ნაკრებში დავბრუნდე"

სოლომონ კვირკველია კარიერას ხარკოვის „მეტალისტში“ გააგრძელებს, რომელთანაც კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა. უკრაინული გუნდის ვებგვერდმა 29 წლის ქართველ ფეხბურთელთან მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა, რომელშიც კვირკველიამ თქვა, რომ მისი მიზანი საქართველოს ნაკრებში დაბრუნებაა.

- მოგვიყევით თქვენი საფეხბურთო კარიერის დასაწყისის შესახებ?

- როგორც ყველა ბავშვს, მეც დაახლოებით 7 წლის ასაკში შემიყვარდა სპორი. სამტრედიაში ბავშვთა გუნდი იყო, სადაც დავიბადე. სურვილი მქონდა და ამიტომ დავიწყე ფეხბურთის თამაში.

- მაღალი ფეხბურთელი ხართ, ბავშვობაშიც არ იყავით პატარა. როგორ მოხდა, რომ ისეთი სპორტით არ მოიხიბლეთ, როგორიც კალათბურთი ან ფრენბურთია?

- არა, არასდროს მინდოდა ფეხბურთის გარდა სხვა სპორტში ვყოფილიყავი. უბრალოდ თავიდან კარში თამაში მსურდა, მაგრამ ყოველთვის ძელებს შორის დგომა მბეზრდებოდა. ასე დავიწყე დაცვის ცენტრში თამაში და დღემდე ამ პოზიციაზე ვთამაშობ.

- თქვენ უკვე რამდენიმე დღეე გაატარეთ „მეტალისტში“. როგორ შეგხვდათ უკრაინა, ხარკოვი და გუნდი?

- ბევრი რამ ვიცი უკრაინის შესახებ, აქ მეგობრები მყავს. ჩემი ახლო მეგობარია ტარა მიხალიკი, რომელიც მოსკოვის „ლოკომოტივში“ ჩემი თანაგუნდელი იყო, ყოველდღე ვუკავშირდები მას და ურთიერთობა გვაქვს. ქალაქი ჯერ არ მინახავს, გუნდში კი შესანიშნავი ბიჭები არიან, კარგი გუნდია. ფეხბურთის სათამაშოდ ყველაფერია და ყველაფერი მომწონს.

- რა იცით დღევანდელი უკრაინული ფეხბურთის შესახებ?

- მარკო დევიჩს ვიცნობ, მასთან ერთად „რუბინში“ ვთამაშობდი. რა თქმა უნდა, რაღაცები ვიცი უკრაინულ ფეხბურთზე, რადგან დავით ხოჭოლავა, რომელიც „შახტარში“ თამაშობდა, მასთან ერთად რამდენიმე წელია საქართველოს ნაკრებში ვთამაშობ. პრინციპში, უკრაინის ჩემპიონატს ყოველთვის ვუყურებდი, როცა შესაძლებლობა მქონდა.

- პროფესიული კარიერის დასაწყისში შეიძლებოდა უკრაინაში ყოფილიყავით?

- ეს მაშინ იყო, როცა 18 წლის ვიყავი. თურქეთში „შახტარის“ შეკრებაზე ვიყავი, სინჯები არ ყოფილა, მაგრამ გუნდში დარჩენა არ გამოვიდა.

- წელს თქვენ მხოლოდ ერთხელ ითამაშეთ საქართველოს ნაკრებში. ალბათ თქვენი პირადი ამოცანაა ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებაა...

- რა თქმა უნდა, ეროვნულ გუნდში დაბრუნება. ყველა ფეხბურთელი ოცნებობს თავისი ქვეყნისთვის თამაშზე, ამაში დარწმუნებული ვარ. 10 წელია ეროვნულ ნაკრებში ვთამაშობ, მაგრამ მიზანი მხოლოდ ეროვნულ გუნდში დაბრუნება არაა. მიზანი არის რამდენიმე წელი ფეხბურთის მაღალ დონეზე თამაში.

- კალაძე, კანავარი, ნესტა, მალდინი - თქვენ თქვით, რომ ისინი თქვენი საყვარელი მცველები არიან. თანამედროვე ცენტრალური მცველებიდან რომელი მოგწონთ? თქვენ აზრით, რა თვისებები უნდა ჰქონდეს თანამედროვე ცენტრალურ მცველს?

- დღეისთვის სერხიო რამოსს მივიჩნევ ცენტრალურ მცველად. ბოლო 10 წლის განმავლობაში ვფიქრობ, რომ ის ყველაზე ძლიერი მცველია. თითოეულ მცველს აქვს პლუსები და მინუსები. მირჩევნია ხისტი მცველები, მეც ამ სტილში ვთამაშობ.

- ვიცი, რომ ხუმრობა გიყვართ და ერთ-ერთ წინა გუნდში საუკეთესო იყავით ამ მხრივ. გვქონდეს თუ არა მსგავსი მოლოდინი „მეტალისტში“?

- შეიძლება არა საუკეთესო, მაგრამ ერთ-ერთი საუკეთესო ვიყავი. მიყვარს ხუმრობა, მხიარული ადამიანი ვარ. მართალია, ფეხბურთი ყოველთვის სახალისო სფერო არ არის, მაგრამ მომწონს, როდესაც ვარჯიშზე ხალხი იცინის და ამის გაკეთება შემიძლია.

ქართველი ფეხბურთელის შესახებ პირველი მოსაზრება დააფიქსირა „მეტალისტის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კრივენცოვმა გამოთქვა:

„ეს არის კვალიფიცირებული და გამოცდილი ფეხბურთელი, რომელმაც საქართველოს ნაკრებში 40-ზე მეტი მატჩი ჩაატარა, რუსეთის ჩემპიონია. ვფიქრობ, ჩვენი გუნდისთვის ძალიან კარგი გაძლიერებაა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ წინ ბევრი მატჩი გველოდება. დაცვაში ხარვეზები გვაქვს და ამიტომ, მას ვენდობით“, - თქვა კრივენცოვმა.

შეგახსენებთ, სოლომონ კვირკველია ბოლოს „როტორში“ იჯარით თამაშობდა, ხოლო მისი სატრანსფერო უფლებები მოსკოვის „ლოკომოტივს“ ეკუთვნოდა, რომლის რიგებში მან 2017-2020 წლებში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა, თითოჯერ რუსეთის ჩემპიონი და რუსეთის სუპერთასის გამარჯვებული გახდა, ხოლო ორჯერ რუსეთის თასი მოიგო, გარდა ამისა, რუსეთის თასს ერთხელ ყაზანის „რუბინშიც“ დაეუფლა. 29 წლის ფეხბურთელს ასევე უთამაშია „ნეფტეხიმიკში“, საქართველოს ნაკრებში კი 42 მატჩი აქვს ჩატარებული.

აქვე გეტყვით, რომ „მეტალისტი“ უკრაინის პრემიერლიგაში 10 ტურის თავზე 13 ქულით მერვე ადგილზეა, უახლოეს შეხვედრას კი 16 ოქტომბერს, სტუმრად „მარიუპოლთან“ გამართავს.

0.117789