კალათბურთი

23:10 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

33 ქულა და 8 მოხსნა! თორნიკე შენგელიას საოცარი თამაში ევროლიგაში

თორნიკე შენგელია ფანტასტიკურ ფორმაშია და ევროლიგაში მორიგი სუპერთამაში ჩაატარა. მოსკოვის ცსკა-მ სანქტ-პეტერბურგის „ზენიტს“ 77:67 მოიგო, ხოლო ქულების თითქმის ნახევარი შენგელიას ანგარიშზეა!

თორნიკემ 35:48 წუთში 33 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), 2 პასი და 2 ჩაჭრა მიითვალა. შენგელიამ 16-დან 10 ორქულიანი, 4-დან 2 სამქულიანი და 11-დან 7 საჯარიმო ჩააგდო, შედეგად მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი 37-ს გაუტოლდა, რაც ცხადია, ორივე გუნდში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო, ისევე, როგორც 33 ქულა და მატჩის MVP გახდა. სხვათა შორის, 33 ქულა თორნიკესთვის ევროლიგაში სარეკორდო შედეგია.

მხოლოდ ეს არ არის: დიდი შანსია, შენგელია ევროლიგის მესამე ტურის საუკეთესო მოთამაშე გახდეს, რადგან მარგი ქმედების 37 კოეფიციენტი ძალიან დიდი და სოლიდური მაჩვენებელია. ვთქვათ ისიც, რომ ევროლიგის მეორე ტურის MVP სწორედ ქართველი კალათბურთელი გახდა (კარიერაში მერვედ) და ახლა ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ამ პრიზს ზედიზედ მეორედ მიიღოს, რაც დიდებული შედეგი იქნება.

მოსკოვის ცსკა-ს ევროლიგაში ორი მოგების საპირწონედ ერთი მარცხი აქვს და სატურნირო ცხრილში მეექვსე ადგილზეა, მომდევნო ტურში კი 15 ოქტომბერს, ბელგრადის „ცრვენა ზვეზდას“ უმასპინძლებს.

0.166658