სხვა

1:30 | 12.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოშუამ უსიკთან რემატჩი მოითხოვა

ბრიტანელმა მძიმეწონოსანმა მოკრივე ენტონი ჯოშუამ, უკრაინელ ოლეკსანდრ უსიკთან რემატჩი მოითხოვა. ჯოშუას პრომოუტერ ედი ჰერნის თქმით, განმეორებითი შეხვედრა შეიძლება მარტში გაიმართოს.

ჯოშუამ WBA-ის, WBO-ის, IBF-ის და IBO-ის ტიტულები უსიკთან, წინა თვეში ქულებით წაგების შედეგად დაკარგა. სამივე მსაჯმა უპირატესობა უკრაინელს მიანიჭა, ვისთვისაც ეს მძიმე წონაში გამართული მესამე ბრძოლა იყო. უსიკი მანამდე კრეისერის წონაში აბსოლუტური ჩემპიონი იყო.

„ჯოშუა საქმეს დაუბრუნდა. ის უკვე ვარჯიშობს და ოფიციალურად გამოიყენა რემატჩის უფლება, რომელიც ოლეკსანდრ უსიკთან კონტრაქტით ჰქონდა. სავარაუდოდ, მარტი ის დროა, როცა ბრძოლის გამართვა ორივე მხარისთვის მისაღები უნდა იყოს“, - ამბობს ჰერნი.

რა თქმა უნდა, ჯერ ლაპარაკი არაა იმაზე, რომ ჯოშუა თანამემამულე ტაისონ ფიურისთან, ტიტულების გამაერთიანებელ ბრძოლას ჩაატარებს. მათ შეხვედრას კრივის სამყარო დიდხანს ელოდა, მაგრამ გარემოებათა გამო, მისი ჩატარება შეუძლებელი გახდა.

ფიურიმ გასულ უქმეებზე თავისი WBC-ს ტიტული ამერიკელ დეონტეი უაილდერის დამარცხებით (მე-11 რაუნდში ნოკაუტი) დაიცვა. მისი პრომოუტერი ფრენკ უორენი ამბობს, რომ ჯოშუასთან შეხვედრის შესაძლებლობას ვერ ხედავს.

0.116937