ჭიდაობა

21:37 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაშა გობაძემ ბრინჯაო მოიპოვა, საქართველომ მსოფლიოს ჩემპიონატი ხუთი მედლით დაასრულა

ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში მსოფლიოს ჩემპიონატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში საქართველოს ნაკრებმა ასპარეზობა ხუთი მედლით დაასრულა, საიდანაც სამი ბოლო საშეჯიბრო დღეზე მოდის.

მეხუთე მედალი ლაშა გობაძის ანგარიშზეა. 87 კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ აზერბაიჯანელი ისლამ აბასოვი 11:0 დაამარცხა და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც სერბეთის სახელით მოასპარეზე, საქართველოს ნაკრების ყოფილ კაპიტან ზურაბ დათუნაშვილს დაუპირისპირდა. გობაძემ დათუნაშვილთან დაძაბულ ბრძოლაში 1:2 წააგო, რომელიც ფინალში გავიდა და გობაძე რეპეჟაშში გაიყოლა. ლაშა რეპეშაჟის პირველ წრეში რუს მილად ალირზაევს შეხვდა და 5:3 იმარჯვა, შედეგად, ბრინჯაოს მედლისთვის ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც ტურპან ბისულტანოვს 5:2 მოუგო და კვარცხლბეკზე ასვლა მოახერხა.

მანამდე, დღესვე, 67 კგ წონით კატეგორიაში ფინალამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა ზოიძეს, თუმცა, ბრინჯაო მოიპოვა. მან იტალიის სახელით მოასპარეზე ზაურ კაბალოევი 11:2 და სერბი სებასტიან ნადი 8:1 დაამარცხა, ნახევარფინალში მისი მეტოქე ირანელი მოჰამადრეზა აბდოლჰამიდ გერაეი იყო, რომელთანაც ძალზე დაძაბულ ბრძოლაში 6:7 დამარცხდა და ბრინჯაოს მედლისთვის რამაზი აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვს დაეჭიდა და უპრობლემოდ, წუთანხევარში 8:0 მოუგო. შედეგად, საქართველოს მეოთხე მედალი მოუტანა.

ასევე დღეს, ვერცხლის მედალს დაეუფლა ლერი აბულაძე. 63 კგ წონით კატეგორიაში აბულაძემ ყაზახი სულტან ასეტული 5:4 და იაპონელი კენსუკე შიმიზუ 5:4 დაამარცხა, რის შედეგადაც ნახევარფინალში გავიდა. ლერი ფინალის საგზურისთვის უნგრელ ერიკ ტორბას დაეჭიდა, რომელსაც იოლად, 7:1 აჯობა და ფინალში გავიდა, სადაც ოქროს მედლისთვის იბრძოლა. მისი მეტოქე ირანელი მეისამ კარამალი დალხანი იყო, რომელთანაც ძალიან დაძაბულ ბრძოლაში 4:5 დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა. არადა აბულაძე 4:3-ს იგებდა და გამარჯვებასთან ძალიან ახლოს გახლდათ.

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატი ხუთი მედლით დაასრულა. ლერი აბულაძემ (63 კგ) ვერცხლის მედალი, ხოლო ლაშა გობაძემ (87 კგ), რამაზ ზოიძემ (67 კგ), ნუგზარ წურწუმიამ (55 კგ) და იაკობ ქაჯაიამ (130 კგ) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

0.114458