ძიუდო

11:08 | 10.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

IJF საბა ინანეიშვილზე: ამაყი დედის და მადლიერი შვილის ისტორია

საქართველოს ახალგაზრდული ძიუდოისტთა ნაკრების წევრი საბა ინანეიშვილი +100 კგ წონით კატეგორიაში ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.

იტალიის ქალაქ ოლბიაში მის შეჯიბრებას გვანცა ჭანტურიძე დაესწრო - საბას დედა. ქალბატონი გვანცა იტალიაში ემიგრანტია და რა თქმა უნდა, დიდი ხნის უნახავი შვილის გამარჯვება კიდევ უფრო ემოციური და სასიხარულო იყო. ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ ამ ყველაფერს სტატია მიუძღვნა, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„ხუთი წლის წინ გვანცა ჭანტურიძე მილანში ჩავიდა. ეს არ იყო სასიამოვნო მოგზაურობა, ეს იყო აუცილებლობა. მან ოჯახი დატოვა. მას შემდეგ მუშაობას არ წყვეტს და საქართველოში დარჩენილ ოჯახს ეხმარება, ყოველთვიურად უგზავნის ფულს. ის ოჯახს ტელეფონით ესაუბრება და ცვლიან შეტყობინებებს. იგი ყურადღებით ადევნებს თვალს შვილის კარიერას, რომლის სახელია საბა ინანეიშვილი.

საბა 20 წლისაა და ერთ-ერთი ჩვენგანია, ძიუდოისტი, ქართველი, მეომართა სკოლის წარმომადგენელი. როდესაც გვანცა წავიდა, საბა 15 წლის იყო, დიდი გამჭრიახობა არ სჭირდება იმის გაგებას, რას ნიშნავს დედისა და შვილის განშორების ტკივილი. თუმცა, დედის სიყვარული უსასრულოა და დედა დედაა. ეს არის ურღვევი კავშირი. ხუთი წლის განმავლობაში დედა აკვირდებოდა შვილის ევოლუციას, როგორც ძიუდოისტის და როგორც ადამიანის. მაგრამ, არცერთმა მათგანმა არ იცოდა, როდის და სად გადაიკვეთებოდა მათი გზები ისევ.

საბა 20 წლისი მამაკაცია, ძლიერი, მტკიცე, მძიმეწონოსანი. ცნობილია, რომ საქართველო ძიუდოს ქვეყანაა, ყოველთვის დიდი შედეგები ჰქონდა და იტალიაში გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა, ოთხი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედლით.

„მე ძალიან ყურადღებით ვაკვირდებოდი ჩემი შვილის ევოლუციას. ყოველ ჯერზე, როცა ის იგებს ტურნირს, მედალს, მირეკავს და მეუბნება, რომ ჩემთვის მოიგო, მე მიძღვნის“, - ამბობს გვანცა.

შორიდან სიყვარული ძლიერია, მაგრამ ასევე მტკივნეული, რადგან ცხოვრება რთულია და როცა რესურსი არ არსებობს, დედას თავგანწირვა უწევს, რადგან მთავარი შვილები არიან. გვანცამ არ იცოდა, როდის ნახავდა შვილს და ჩაიხუტებდა. ის ოლბიაში გაემგზავრა საბას სანახავად.

„გამარჯვების შემდეგ ინტერნეტით საუბარი არ არის იგივე, როგორც მისი საკუთარი თვალით დანახვა. მე მისთვის მოვიგე, ეს მედალი მისია“, - თქვა საბამ.

დედა-შვილის ასეთი ბედნიერი შეხვედრა ცხოვრებას გვიმშვიდებს, კრიზისულ სამყაროს, ყოველდღიულ პრობლემებს. ხედავ ამაყ დედას, მადლიერ შვილს და ეს ყველაფერი სასვეა დედა-შვილური სიყვარულით. ეს არის ჩვენი ცხოვრების ყველაზე დიდი გაკვეთილი“, - წერს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა - 4 ოქრო და 1 ბრინჯაო. ოქროს მედლები გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), გიორგი შერაზადიშვილმა (81 კგ), ილია სულამანიძემ (100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს კი ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) დაეუფლა. საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.

0.127223