ნორვეგიის დედაქალაქ ოსლოში დასრულდა მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ძიუდოში, რომლის ბოლო საშეჯიბრო დღე საქართველოსთვის ძალზე წარმატებული გამოდგა. ტატამიზე ოთხი ქართველი გავიდა და სამმა მათგანმა მედალი მოიპოვა, მათ შორის ორი ოქროს მედალია!
100 კგ წონით კატეგორიაში ილია სულამანიძე პირველი წრისგან თავისუფალი იყო, შემდეგ კი გერმანიის სახელით მოასპარეზე გიორგი უძილაურს მოუგო, რასაც მეოთხედფინალში ქართული დაპირისპირება მოჰყვა - მიხეილ ჯაფარიძესთან სულამანიძემ იმარჯვა და ნახევარფინალში გავიდა, სადაც რუსი მატვეი კანიკოვსკიც დაამარცხა. ფინალში ილიას მეტოქე უზბეკი სუხრობ რაიაბოვი იყო, რომელსაც მოუგო და ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
როგორც ხედავთ ამ წონაში ორი ქართველი ასპარეზობდა. ჯაფარიძემ ბერძენი პანაგიოტის პაპანიკოლაუ და სამხრეთ კორეელი იეიუნ იეო დაამარცხა, მერე სულამანიძესთან წააგო და რეპეშაჟში გადაინაცვლა, მაგრამ იქ უზბეკ უტკირბეკ ტურობოიევთან განიცადა მარცხი, შედეგად, ბრინჯაოსთვის ბრძოლის შანსი დაკარგა.
+100 კგ წონით კატეგორიაში ფინალში საბა ინანეიშვილი გავიდა, რომელმაც უკრაინელი სერგეი კოვბასიუკი, ბელგიელი ივეს ნდაო, უზბეკი შოხრუხ მამარასულოვი დაამარცხა, ხოლო ფინალში მისი მეტოქე უნგრელი რიჩარდ სიპოში გახლდათ. შეხვედრა დაძაბული გამოდგა და საბამ ვაზარით მოახერხა გამარჯვება, რამაც მას ახალგაზრდებს შორის მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოუტანა.
ამავე წონაში ბრინჯაოს მედალი ირაკლი დემეტრაშვილმა მოიპოვა. მან უკრაინელი ოლექსეი ჰალაკა და გვინეელი მუსტაფა ფოფანა დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აწ ნახსენებ სიპოშთან წააგო. რეპეშაჟში დემეტრაშვილმა ბრაზილიელ დანიელ ლემეს და სილვა დაამარცხა და ბრინჯაოს მედლისთვის უზბეკ მამარასულოვს აჯობა.
შედეგად, საქართველოს ნაკრებმა ძიუდოს ახალგაზრდულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ხუთი მედალი მოიპოვა - 4 ოქრო და 1 ბრინჯაო. ოქროს მედლები გიორგი სარდალაშვილმა (60 კგ), გიორგი შერაზადიშვილმა (81 კგ), ილია სულამანიძემ (100 კგ) და საბა ინანეიშვილმა (+100 კგ) მოიპოვეს, ბრინჯაოს კი ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) დაეუფლა. საგულისხმოა, რომ საქართველოს ნაკრები გუნდურ ჩათვლაში პირველ ადგილზე გავიდა.