კალათბურთი

11:27 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბითაძის "ინდიანამ" მოიგო - ქართველმა კალათბურთელმა 12 წუთი ითამაშა (+VIDEO)

გამთენიისას NBA-ს საგამოფენო მატჩში კიდევ ერთი ქართველი კალათბურთელის გუნდმა ითამაშა. გოგა ბითაძის „ინდიანა პეისერსი“ „კლივლენდ კავალიერსს“ დაუპირისპირდა და მეტოქე 109:100 დაამარცხა.

ამ შეხვედრაში ქართველი ცენტრი სასტარტო ხუთეულში არ ყოფილა. რიკ კარლაილის გუნდმა მატჩი: დუარტე, ბროგდონი, ტერნერი, ჰოლიდეისა და საბნისის ხუთეულით დაიწყო. ჩვენებურმა კი პარკეტზე ზუსტად 12 წუთი დაჰყო, რა დროშიც საკუთარ გუნდს 4 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი შესძინა. გოგამ 5-დან 1 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო. მისი +- მაჩვენებელი კი -2 იყო. აქვე გეტყვით, რომ გოგამ 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

გამარჯვებულთა რიგებში საუკეთესო შედეგი მალკომ ბროგდონმა დააფიქსირა. 28 წლის ამერიკელმა 27:44 წუთში 27 ქულა, 5 მოხსნა, 3 პასი მიითვალა. ორმაგი დუბლი კი მხოლოდ დომანტას საბონისმა დააფიქსირა, რომელმაც 27:44 წუთში 14 ქულა, 10 მოხსნა და 2 პასი შეასრულა.

„კლივლენდიდან“ 14 ქულით საუკეთესო ესპანელ რიკი რუბიო იყო. დილან ვინდლერს კი 12 ქულა, 4 მოხსნა და 1 პასი ჰქონდა.

„ინდიანა პეისერსმა“ საგამოფენო მატჩში 2 შეხვედრიდან 1 მარცხით, ხოლო მეორე გამარჯვებით დაასრულა, მომდევნო შეხვედრას კი გოგა ბითაძის გუნდი 14 ოქტომბერს, "მემფის გრიზლის" წინააღმდეგ ჩაატარებს.

რაც შეეხება სხვა შეხვედრებს:

„ჩიკაგო ბულსი“ – „ნიუ ორლეანსი“ 121:85

„დალას მავერიკსი“ – „ლოს ანჯელეს კლიპერსი“ 122:114

„სან ანტონიო სპურსი“ – „მაიამი ჰიტი“ 105:109

„დენვერ გაგეტსი“ – „მინესოტა“ 112:114

„გოლდენ სტეიტი“ – „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ 121:114

0.122401