ავტოსპორტი

0:01 | 9.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჰამილტონს ძრავი შეუცვალეს და ის სტარტზე 10 ადგილს დაკარგავს

მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონ ლუის ჰამილტონს, თურქეთის დიდი პრიზის წინ ძრავი შეუცვალეს, რის გამოც, რბოლის სტარტზე ის 10 ადგილით უკან დაიწევს. „მერსედესი“ შიშობდა, რომ ძველ ძრავს შეიძლება ვერ გაეძლო. ამის გამო გადაწყდა, რომ სჯობს, ჩემპიონატის ლიდერმა სტარტზე დაკარგოს ადგილები, ვიდრე რბოლა ვერ დაასრულოს.

ჩემპიონატის დასრულებამდე შვიდ ეტაპით ადრე, ჰამილტონი მაქს ფერსტაპენს მხოლოდ ორ ქულას უგებს. „რედ ბულის“ ჰოლანდიელ პილოტს ძრავი და კომპონენტები სოჭში შეუცვალეს, რის გამოც, სტარტი ბოლო ადგილიდან აიღო. თუმცა წვიმიანი რბოლის ფინიშთან მეორე მივიდა.

ჰამილტონს თურქთში რბოლა ორჯერ აქვს მოგებული. მეორე გამარჯვება შარშან მოიპოვა და ამით, მეშვიდე ტიტული გაინაღდა. ჯერ კიდევ ხუთშაბათს ის ამბობდა, რომ ძრავის შეცვლის აუცილებლობა არ არსებობს. თუმცა ერთ დღეში ყველაფერი საპირისპიროდ შეიცვალა.

ჰამილტონის გარდა, ახალი ძრავით კარლოს საინსი იასპარეზებს. თანაც, მას „ფერარიმ“ აგრეგატი მთლიანად შეუცვალა, რის გამოც, ესპანელი სტარტზე ბოლო რიგში დადგება.

სკაი სპორტსთან საუბრისას, „მერსედესის“ სატრეკო საინჟინრო გუნდის შეფმა ენდრიუ შოვლინმა განაცხადა, რომ გუნდმა დარჩენილი რბოლების სიმულაცია ჩაატარა, რომლის ანალიზის შემდეგაც გადაწყდა, რომ უმჯობესია, თუ ძრავი ისტანბულშივე შეიცვლება.

0.122972