კალათბურთი

23:29 | 8.10.2021 | ნანახია [] - ჯერ

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში “ქუთაისი” და “ტიტები” შეხვდებიან

დუდუ დადიანის ფინალში გასულ “ქუთაისს” “ტიტები” შეუერთდა. ბესო ლეჟავას გაწვრთნილმა გუნდმა ნახევარფინალურ მატჩში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამარცხა. ტიტების კალათბურთელებმა დიდებული მესამე პერიოდი ჩაატარეს, რის შემდეგაც შეხვედრას მოხდენილი წერტილი დაუსვეს – 74:67 (სტატისტიკა).

დუდუ დადიანის მემორიალის ფინალში ტიტები აქამდე ერთხელ – 2018 წელს ყოფილან, თუმცა მაშინ ტიტული მეტოქე “დელტამ” მოიგო. რაც შეეხება წლევანდელ ფინალში ტიტების მეტოქე “ქუთაისს”, იმერულმა კლუბმა დადიანის თასი ორჯერ – 2011 და 2020 წლებში მოიგო, ხოლო ორჯერაც – 2015 და 2016 წლებში ფინალები შესაბამისად ყაზახურ “ბარსისთან” და თბილისის “დინამოსთან” წააგო.

“ტიტები” თსუ-თან თავდაპირველად ფავორიტად არ მიიჩნეოდა, თუმცა მას შემდეგ, რაც წუხელ, გვიან ღამით, უნივერსიტეტელთა კაპიტნისა და ლიდერის, გიორგი ცინცაძის ტრავმის სიმძიმის შესახებ გახდა ცნობილი, ლეჟავას გაწვრთნილ გუნდს იმედები მიეცა. თავის მხრივ ტიტებსაც აკლდა ერთ-ერთი ლიდერი, თითმტკივანი ლევან ბაბილოძე, თუმცა გუნდის ლეგიონერებმა და ქართველმა მოთამაშეებმა სამაგალითოდ იბრძოლეს და საამაყო გამარჯვება მოიპოვეს.

ცინცაძის არყოფნაში თსუ-ში გამთამაშებლობა ლოველ ქაბილმა ითავა, რომელსაც გევრდს მეორე ლეგიონერი, დარილ ოუენსი უმაგრებდა და უნივერსიტეტელებს თავიდან საქმე ჩინებულად მისდიოდათ. პირველი პერიოდი თსუ-მ 23:18 მოიგო, ხოლო მეორეში ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა და დიდ შესვენებაზე 7 ქულით დაწინაურდა – 39:32.

მესამე პერიოდში ტიტებმა თამაში გარდატეხეს. ეს უპირველესად აკაკი ლომოურის დამსახურებაა, რომელმაც მესამე ათწუთეულში 4 სამქულიანი ჩააგდო და ტიტების გალიდერებას მნიშვნელოვანი ბიძგი მისცა. აღნიშნული პერიოდი ბესო ლეჟავას გუნდმა 23:12 მოიგო და ბოლო პერიოდის წინ 55:51 დაწინაურდა.

დასკვნით პერიოდში თანაბარი თამაში წავიდა და ბოლოსწინა წუთზე თანაბარი ანგარიში (67:67) იყო. აქ კი “ტიტების” მოთამაშეებმა მეტი სიზუსტე და დაცვაში საიმედოობა გამოიჩინეს. თსუ-ს ფორვარდმა მიხეილ ბერიშვილმა ერთ ეპიზოდში ტექნიკური ჯარიმა მიიღო, რომელიც ჯორდან რობერტსონმა ქულად აქცია და ტიტები 68:67 დააწინაურა. საკვანძო გამოდგა ეპიზოდი, როცა ლოველ ქაბილმა ბურთი დაკარგა, ხოლო აკაკი ლომოურმა უმნიშვნელოვანესი სამქულიანი ჩააგდო და როცა უნივერსიტეტელებმა საპასუხო შეტევაც გაანიავეს, შეხვედრის ბედიც გაირკვა.

გამარჯვებულთაგან საუკეთესო იყო აკაკი ლომოური, რომელმაც 17 ქულასთან (5 სამქულიანი) ერთად 16 მოხსნაც მიითვალა და თავის გუნდს ფარქვეშ პოზიციები გაუმაგრა. ბომბარდირობა არავის დაუთმო ჯორდან რობერტსონმა, 11 ქულითა და 11 მოხსნით კი ელგუჯა ბირკაია გამოირჩა. თსუ-ში ზეშედეგიანი იყო ლოველ ქაბილი – 26 ქულა, 13 მოხსნა, 8 პასი. ნიკოლოზ დარბაიძის ანგარიშზე 13 ქულა და 11 მოხსნა დაგროვდა.

ფინალური მატჩი, რომელშიც დუდუ დადიანის თასისთვის “ქუთაისი” და “ტიტები” შეხვდებიან, ოლიმპიურ სასახლეში 10 ოქტომბერს, 18:00 საათზე გაიმართება.

gbf.ge

0.119324