უეფას ერთა ლიგის ფინალში ესპანეთის ნაკრების მეტოქე საფრანგეთის ნაკრები იქნება. მეორე ნახევარფინალურ წყვილში დიდიე დეშამის გუნდმა ბელგიას ძალზე დაძაბულ და დრამატულ ბრძოლაში მოუგო.
ტურინში გამართი მატჩი მართლაც შესანიშნავი გამოდგა. ბელგიამ ტაიმი 2:0 მოიგო, თამაში საფრანგეთმა - 3:2.
პირველი ტაიმის მიწურულს იანიკ ფერეირა-კარასკომ და რომელუ ლუკაკუმ ორი ულამაზესი გოლი გაიტანეს და რობერტო მარტინესის გუნდმა გამარჯვებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. თანაც, საფრანგეთი ძალზე ინერტული იყო და არაფერი მოასწავებდა იმას, რაც მეორე ნახევარში მოხდა.
თუმცა, საფრანგეთი მსოფლიოს ჩემპიონია, უმაღლესი კლასის ფეხბურთელები ჰყავს და სწორედ ამან შეატრიალა თამაში. 62-ე წუთზე კილიან მბაპეს დიდებული თამაში არანაკლებ ეფექტურად კარიმ ბენზემამ დააგვირგვინა და სხვაობა შეამცირა, ხოლო 7 წუთში ანტუან გრიზმანმა პენალტი მოიპოვა, რომელიც გოლად მბაპემ აქცია.
ყველაფერი დამატებითი დროისკენ მიდიოდა, თუმცა ბოლო წუთებში ყველაფერი შეიცვალა. ჯერ იყო და ლუკაკუმ დუბლი შეასრულა, მაგრამ თამაშგარე მდგომარეობის გამო გოლი გაუქმდა, ხოლო ბოლო წუთზე საჯარიმოს მისადგომებიდან ტეო ერნანდესმა გაისროლა და ეროვნულ ნაკრებში სადებიუტო გოლი გაიტანა, თანაც რა მნიშვნელობის?!
საფრანგეთმა მოიგო და 10 ოქტომბერს, მილანში, ესპანეთის ნაკრებს ტიტულისთვის შეერკინება. იმავე დღეს, ტურინში მესამე ადგილისთვის იტალია და ბელგია შეხვდებიან, რომლებიც ბოლოს ევრო 2020-ის მეოთხედფინალში დაუპირისპირდნენ და იტალიელებმა 2:1 მოიგეს.
ბელგია - საფრანგეთი 2:3 (2:0)
ტურინი, „ალიანც სთედიუმი“
ბელგია (3-4-3): კურტუა; ალდერვეირელდი, დენაიერი, ვერტონგენი; კასტანი (ბატშუაი 90), ვიტსელი, ტილემანსი (ვანაკენი 70), ფერეირა-კარასკო; დე ბრუინი, ლუკაკუ, აზარი (ტროსარი 74)
მწვრთნელი: რობერტო მარტინესი
საფრანგეთი (3-4-1-2): ლორისი; კუნდე, ვარანი, ლ. ერნანდესი; პავარი (დუბუა 90), პოგბა, რაბიო (ჩუამენი 75), ტ. ერნანდესი; გრიზმანი; მბაპე, ბენზემა (ვერეტუ 90)
მწვრთნელი: დიდიე დეშამი
გოლები: 1:0 ფერეირა-კარასკო (37), 2:0 ლუკაკუ (40), 2:1 ბენზემა (62), 2:2 მპაბე (69, პენ), 2:3 ტეო ერნანდესი (90)
სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 16 (6) ბურთის ფლობა: 49%-51% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 2:4
მსაჯი: დანიელ შიბერტი (გერმანია)